24 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
ისტორიული ნაგებობების ნგრევის საფრთხე - მოსახლეობა შენობების რეაბილიტაციას წლებია ითხოვს

უპატრონოდ მიტოვებული ისტორიული შენობები ფოთში - ნგრევის პირას მისული უნიკალური ძეგლები, სადაც წვიმის დროს განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ადასტურებენ, რომ ვითარება მართლაც რთულია და პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შენობების კერძო მფლობელებს ასახელებენ, თუმცა მათი უმეტესობის პოვნაც ვერ ხერხდება. ფოთში ცენტრალური ქუჩის თითქმის ყველა სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი შენობის რეაბილიტაციას ფოთის მოსახლეობა წლებია ითხოვს.

კიდევ ერთი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობაა. ტელეკომპანია "ფაზისისა" და უშიშროების შენობების მსგავსად შენობა-ნაგებობის მდგომაროება, ამ შემთხვევაშიც სავალალოა. შენობის უდიდესი ნაწილი უკვე დანგრეულია. გადარჩენილი ფასადის შენარჩუნებაზე კი, უკვე რამდენიმე ათეული წელია არავის უზრუნია.

ფოთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისა და გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ ადგილობრივი ისტორიკოსები. სპეციალისტები ხელისუფლებას დროული რეაგირებისა და ბიუჯეტში შენობების ზრუნვისთვის თანხის გამოყოფის აუცილებლობისკენ მოუწოდებს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ადასტურებენ, რომ ვითარება მართლაც რთულია, თუმცა ფოთში არსებული ძეგლების გადასარჩენად კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს. სააგენტოში მთავარ პრობლემად ამ შენობების კერძო მესაკუთრეებს ასახელებენ, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ.

გადაუჭრელ საკითხად, კერძო მესაკუთრეებს ასახელებენ მერიაშიც, თუმცა აქ კონკრეტულ შენობებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები აქვთ. მერიის წარმომადგენლის, გოჩა კურდღელიას თქმით, ქალაქის მთავრობა კერძო მესაკუთრეების მოძიებასა და მათგან შენობების გამოსყიდვას ცდილობს.

სახელმწიფო თავად მოაგვარებს პრობლემას თუ შენობებისთვის პირველი სახისა და ფუნქციის დაბრუნებას კერძო მესაკუთრეებთან ერთად შეეცდებიან - ამას უწყებები ვერ აკონკრეტებენ. მანამდე, კულტურულ მემკვიდრეობის მიტოვებულ ძეგლებს კიდევ ერთი ზამთრის გადატანა მოუწევთ, რომელიც შესაძლოა მათი ნაწილისთვის უკანასკნელიც კი აღმოჩნდეს.

დღის ამბები