19 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
ტოტალური კიბერშეტევა - იერიში 2 ათასამდე ინტერნეტ-მისამართზე მიიტანეს

მასშტაბური კიბერთავდასხმა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უწყებების ოფიციალურ ვებ გვერდებზე - ჰაკერებმა იერიში 2 ათასამდე ინტერნეტ-მისამართზე მიიტანეს.

"მე დავბრუნდები" - ამ წარწერით დღეს მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი ათეულობით სახელმწიფო ორგანოს, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების ელექტრონულ გვერდზე გამოჩნდა.

კიბერ შეტევის მსხვერპლი გახდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური საიტიც. ჰაკერული თავდასხმის შედეგად დროებით მაუწყებლობის შეჩერება მოუწია ტელეკომპანია "იმედსა" და "მაესტროს". ჰოლდინგში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად სოლიდური ფინანსური და ტექნიკური ზარალი მიიღეს.

ტოტალურ კიბერშეტევას რუსულ სპეც-სამსახურებს უკავშირებს "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი. ელისო კილაძის თქმით, გაზეთის ვებ გვერდიდან ექვსი წლის საარქივო მასალა სრულად წაიშალა. ვებ-გვერდებიდან ინფორმაცია გაუქრათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. მესამე სექტორი ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს.

ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი ათზე მეტი ქალაქის საკრებულოების ინტერნეტგვერდები გახდა.

უპრეცედენტო კიბერშეტევასთან დაკავშირებით, მედიამ კითხვები პარლამენტში მყოფ შსს-სა და სუსის მაღალჩინოსნებსაც დაუსვა. მათი თქმით, უწყებებში, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტები აქტიურად მუშაობენ.

კიბერ თავდასხმის შედეგად დაზარალებული კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. "აი პლიუსის" დირექტორის განცხადებით, მას სამინისტროს თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ თავდასხმების რაოდენობიდან გამომდინარე კრიზისის აღმოფხვრა ერთ დღეში შეუძლებელია.

ვინ და რატომ მოაწყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა და რა ინფორმაციის გატანა შეძლეს ჰაკერებმა 2000-მდე ინტერნეტ გვერდიდან, ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

 




 



დღის ამბები