19 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
M2-ის საცხოვრებელ კორპუსები ზუგდიდში - ენმ ხელისუფლებას შემომწირველებისთვის სასათბურე პირობების შექმნაში ადანაშაულებს

ზუგდიდში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მმართველ გუნდს შემომწირველებისთვის სასათბურე პირობების შექმნაში ადანაშაულებს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, "თავისუფლებისა" და "ლაზის" ქუჩებზე სამშენებლო კომპანია m2 საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

როგორც სხდომაზე ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმდჯომარემ ანა წითლიძემ განაცხადა, კომპანია "ქართული ოცნების" შემომწირველია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

"არ ვეწინააღმდეგებით არანაირ მშენებლობას, პირიქით, მხარს ვუჭერთ ნებისმიერ მშენებლობას ზუგდიდში. აქ მთავარი არის, რომ m2 ქართული ოცნების შემომწირველია და კორუფციული გარიგება აკავშირებს მასთან," - აღნიშნა ანა წითლიძემ.

 მის საპასუხოდ კი, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ უფრო ადრე ზუგდიდში 19 ჰა. მიწის ფართობი კახა ბენდუქიძის კომპანიას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიჰყიდეს.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის საკითხის მნიშვნელობა და არ აქვს იმას, არის თუ არა m2 ქართული ოცნების შემომწირველი. ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს, კანონმდებლობის ფარგლებში ხელშეწყობა ყოველთვის ექნება," - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

საბოლოოდ, ოპოზიციამ აღნიშნული ტერიტორიის საცხოვრებელ ზონად გამოცხადებას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ისინი მშენებლობების წინააღმდეგნი არ არიან.

 

 

დღის ამბები