20 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
წყალტუბოს აღორძინების პროექტი - "ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ინვესტორი არ დატოვა, საქართველოს ნდობის ინდექსი ნულია" - ფადი ასლი 

ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს კურორტის რეაბილიტაციის დაანონსებას კერძო სექტორი უკვე გამოეხმაურა. ქართლი ოცნების თავმჯდომარის მთავარი ადრესატი დღეს სწორედ ბიზნესმენები იყვნენ, რომლებსაც ივანიშვილი თანამშრომლობას სთავაზობს. მას შემდეგ, რაც შეიძენს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სასტუმროებსა და სხვა შენობებს, ივანიშვილი მზადაა ქონება გაასხვისოს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის თქმით, ინიციატივა ქვეყნისთვისაც და ბიზნესისთვისაც სასარგებლო იქნება.

"ინიციატივა ნამდვილად სასარგებლო იქნება ბიზნესისა და ქვეყნისთვის, კარგი მაგალითია აბასთუმანი და მე შემიძლია ვიმსჯელო აბასთუმნის გადმოსახედიდან,"- განაცხადა პაპაშვილმა, მისი თქმით, მას აბასთუმანში აქტივები ჰქონდა, თუმცა მშენებლობამ ინტენსიური სახე მას შემდეგ მიიღო რაც აბასთუმნის რეაბილიტაციაში ივანიშვილიც ჩაერთო.

ინიციატივას დადებითად აფასებს "სილქ როუდ ჯგუფის" უძრავი ქონების მიმართულების დირექტორი გიორგი მარიც, თუმცა გაწერილი გეგმისა და თამაშის წესების აუცილებლობას უსვამს ხაზს:

"როცა ასეთი კურორტების განვითარებაზეა ლაპარაკი ძალიან კარგია, როდესაც დგება რაღაც გენგეგმა და თამაშის წესები, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მონაწილეობის მიღება,"- განაცხადა გიორგი მარიმ.  

ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე. ფადი ასლის თქმით, ივანიშვილმა ქვეყანაში ინვესტორი არ დატოვა და ქვეყნის ნდობის ინდექსიც ძალიან შემცირებულია.

"ივანიშვილი წერილში ამბობს, რომ გლობალური სტრატეგიული გეგმის არქონის პირობებში ბიზნესი შეჩერდა, მე ვეკითხები ბატონ ივანიშვილს, თქვენ მართავთ ამ ქვეყანას 7 წლის განმავლობაში, რატომ არ განავითარეთ სტრატეგიული ბიზნესგეგმა? და რატომ შეჩერდა ქვეყანა 7 წლის შემდეგ?

მეორე საკითხი, რაც მინდა ვუთხრა ივანიშვილს, თქვენ ამ ქვეყანაში ინვესტორი არ დატოვეთ, ხელისუფლება ინვესტორების დასახმარებლად არაფერს აკეთებს. საქართველოს ნდობის ინდექსი ახლა ნულია,"- განაცხადა ფადი ასლიმ.

დღის ამბები