23 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
"მერიდიანის" უარი ანაკლიის პორტის ინვესტორობაზე - პროექტის განხორციელების პერსპექტივა ისევ უცნობია

ანაკლიის პროექტიდან კონსორციუმის მიერ წარდგენილი ინვესტორის გასვლის შესახებ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს გაასაჯაროვა. უწყებაში განმარტეს, რომ "მერიდიან კაპიტალისაგან" წერილი გუშინ, შეფასების სამართლებრივი პროცესის დასრულებამდე ერთი დღით ადრე მიიღეს. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ საქართველოს მთავრობისგან ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება ითხოვა, რადგანაც, წერილის თანახმად, "მერიდიანს" მოცემულ ეტაპზე ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ გააჩნია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან განსხვავებით, მერიდიანის გადაწყვეტილების მიზეზებზე "ლელოში" საუბრობენ. კახა კოჟორიძის განმარტებით, კომპანიამ გაიგო, რომ მთავრობა უარყოფით შეფასებას გეგმავდა და სამინისტროს დაასწრო. ხაზარაძის თანაგუნდელები მმართველ გუნდს ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაძირვაში ადანაშაულებენ.

"ევროპული საქართველოც" ანაკლიის პორტის პროექტის მთავარ მოწინააღმდეგედ ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს მიიჩნევს. ოთარ კახიძე ხელისუფლების მხრიდან პროექტის მიზანმიმართულ დამუხრუჭებაზე საუბრობს.

ანაკლიის პროექტის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი "ნაციონალური მოძრაობისთვისაც" მმართველი გუნდია. რომან გოცირიძე რუსულ ინტერესებზეც საუბრობს. თუმცა, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი პროცესიდან "მერიდიან" კაპიტალის გასვლას დადებითად აფასებს. ამბობს, რომ კომპანია არასანდოა.

ანაკლიის პროექტი, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია - დღეს მმართველ გუნდს ამის მტკიცება კიდევ ერთხელ მოუხდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა დღეს "მერიდიანის" გადაწყვეტილებაზე არ ისაუბრა, თუმცა დაანონსა, რომ ყველა კითხვას ხვალ საკანონდებლო ორგანოში უპასუხებს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესასრულებელად 2 თვე რჩება. კონსორციუმმა წლის ბოლომდე 120 მილიონი დოლარის საკუთარი კაპიტალი უნდა მოიზიდოს და საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი დოლარის სასესხო შეთანხმებები გააფორმოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები