25 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
"საქართველო რუსეთის დესტრუქციული ქმედებების სამიზნეა" - აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში რუსეთის ქმედებებს გმობს 

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა საქართველოზე რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა. კელი დეგნანი ე.წ. ბორდერიზაციისა და იმ ვითარების შესახებ ამახივლებს ყურადღებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. მისი თქმით, ქვეყანა დღეს რუსეთის დესტრუქციული ქმედებების სამიზნეა.  

კელი დეგნანს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს. დიპლომატმა ელჩად არჩევის შემთხვევაში მის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სტუმრობის შანსი ჯერ არ მქონია, ის პრობლემები, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას, ჩემთვის სიახლეს არ წარმოადგენს. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მე თურქეთში ვმსახურობდი. ერთი წლის შემდეგ კი ნატოში ვმუშაობდი, სადაც საქართველო იყო და არის ღირსეული პარტნიორი. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მიუხედავად პროგრესისა, საქართველოში კვლავ ბევრი რამაა გასაკეთებელი....გარდა ამისა, საქართველო რუსეთის დესტრუქციული ქმედებების სამიზნეა. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებასა და ბორდერიზაციის პროცესს. რუსეთმა უნდა დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებისა და ევროინტეგრაციის კუთხითაც. საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დავეხმარებით ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელსაც შეუძლია გაუძლოს რუსეთის ზეწოლასა და ჩინეთის მზარდ გავლენას," - ამბობს კელი დეგნანი

დეგნანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, ეუთოს მისიის შექმნის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

დონალდ ტრამპმა საქართველოში ამერიკის ელჩის პოზიციაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა. საბოლოო გადაწყვეტილება კი სენატმა უნდა მიიღოს.

დღის ამბები