25 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
NATO-საქართველოს ფორუმზე ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებს განიხილავენ

თბილისში NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნა. სამომავლო ურთიერთობები და თანამშრომლობის მექანიზმები, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჰიბრიდული გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდები. - ფორუმის მონაწილეები ამ თემებს 2 დღის განმავლობაში განიხილავენ. ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.

ანტიდასავლური პროპაგანდის გამკლავებაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:

"როგორ გავუმკლავდეთ იმ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით, ასევე აქტიური კომუნიკაციის თვალსაზრისით და მე ვფიქრობ,  რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პასუხი ამ ანტიპროპაგანდაზე გახლავთ კონკრეტული შედეგების დემონსტრირება და ამ თვალსაზრისით საქართველოს აქვს მართლაც ხელშესახები შედეგები," - განაცხადა ზალკალიანმა.

დეზინფორმაციასა და "ფეიქ-ნიუსების"  წინააღმდეგ ბრძოლის საკითხის განხილვას მნიშვნელოვანს უწოდებს  საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ალექსი პეტრიაშვილი. მისი თქმით, ამ საქმიანობის წინააღმდეგ საერთო ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული:

"აშშ-ის წარმომადგენელმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ახსენა კონკრეტული რუსული მედიასაშუალებები, პროპაგანდის მოწინავე ფლაგმანები, რაშა თუდეი და სპუტნიკი , რომელთა საქმიანობის წინააღმდეგაც უნდა იყოს საერთო ძალისხმევა მიმართული,"- აღნიშნა პეტრიაშვილმა.

დღის ამბები