25 აპრილი 2024,   03:09
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პარკირების სისტემის რეგულაციების გამკაცრებაზე პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვს - კანონპროექტის განხილვა გადაიდო

პარკირების ჯარიმების ზრდის გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობა."

რომან გოცირიძის განცხადებით, თუ პარლამენტი კანონპროექტს ამ ფორმით მიიღებს, მას ვეტო უნდა დაედოს. განცხადება გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა და პროექტის მესამე მოსმენით განხილვის გადადება მოითხოვა.

"ეს კანონი არ განხილულა არც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, არც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე. ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი. მოგიწოდებთ, გამოასწოროთ ქალაქის მერის მიერ დაშვებული შეცდომა, რომელმაც თქვა, რომ კანონი უკვე მიღებულია, თუმცა ეს ასე არ არის," - აღნიშნა გოცირიძემ.

პროექტის განხილვა გადაიდო. მიზეზები სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განმარტა. 

"სანამ რეფორმა ბოლომდე არ იქნება მისული, ამის შესახებ დღეს კახი კალაძემაც ისაუბრა, ეს კანონპროექტი არ ამოქმედდება," - აღნიშნა მდინარაძემ.

დღის ამბები