25 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
წყალტუბოს აღორძინება - ქველმოქმედება თუ ამომრჩეველთა მოსყიდვა

წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის გამო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და წინაასაარჩევნო სპეკულაციებში ადანაშაულებენ. პოლიტიკური ძალების ნაწილმა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას საგანგებო ბრიფინგები მიუძღვნა.

ათწლეულების განმავლობაში წყალტუბოს უფუნქციოდ დარჩენილი სანატორიუმები დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" საგანგებო ბრიფინგის მთავარი თემა გახდა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საკურორტო ზონის სრული რეაბილიტაცია დააანონსა, მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელები ხელისუფლების მხრიდან უცხოური ინვესტიციების მიზანმიმართულ შეფერხებაზე ალაპარაკდნენ.

გასული საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული სანატორიუმებისა და ბალნეოლოგიური აბანოების ბედი დღეს აქტუალური იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვისაც. ოპონენტები მმართველი პარტიის თავმჯდომარის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ რეალურად, ივანიშვილი 2020 წლისთვის ხმების მოსაპოვებლად გამოცდილ მეთოდს მიმართავს.

წყალტუბო რომ რეაბილიტაციის შემდეგ რეგიონის ტურისტულ ცენტრად იქცევა, ამაში ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება. მთავრობის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინიციატივის კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. მთავრობის წევრები პროექტში ივანიშვილთან ერთად ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც მიესალმებიან.

დასაქმებისა და ეკონომიკური სარგებლის მიღების გარდა, რეაბილიტაციის პროექტს ქალაქიდან ახალგაზრდების მასობრივი მიგრაციის შემაჩერებლად მიიჩნევენ თავად წყალტუბოელები. ბალნეოლოგიური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მათთვის ნებისმიერი ინვესტორისგან მისაღებია.

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 ბალნეოლოგიური ცენტრის ჯერ გამოსყიდვას და შემდეგ სრულად აღდგენას გეგმავს. პროცედურების გავლის შემდეგ, როგორც ექსპრემიერი ​საკუთარ წერილში წერს, წყალტუბოს აღორძინებაში ასეულობით მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

დღის ამბები