24 აპრილი 2024,   10:21
ვრცლად
ყოფილი მღვდელმთავრის დაუმორჩილებლობა გრძელდება - სად გააგრძელებს მეუფე პეტრე მსახურებას

ჭყონდიდის ეპარქია მეუფე გრიგოლ კაციამ გადაიბარა. ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ის ცოდვების მოსანანიებლად შიომღვიმის მონასტერში უნდა წავიდეს, არ ემორჩილება. მეუფე პეტრემ საკუთარი პოზიცია მარტვილში ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძესა და თავის შემცვლელ მეუფე გრიგოლ კაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოხატა. უმაღლესი სასულიერო პირები დღეს მედიის დარწმუნებას იმაში ცდილობდნენ, რომ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების და წინააღმდეგობის მიუხედავად, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

ერთობლივი განცხადების გაკეთებამდე საქართველოს საპატრიარქოდან მარტვილში საგანგებოდ მივლენილი უმაღლესი სასულიერო პირები ეპარქიის სამღვდელოებას იმაში არწმუნებდნენ, რომ მეუფე პეტრეს წასვლით მათ სასულიერო ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება, თუმცა ყველას დარწმუნება ვერ შეძლეს. ჭყონდიდის ახალ მიტროპოლიტთან მსახურებაზე უარი განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ. ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სხვა სასულიერო პირებმაც მიიღონ.

მეუფე პეტრე ცაავას განყენების შემდეგ მარტვილში ვნებათაღელვა მეორე დღეა არ ცხრება.  მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი აცხადებდა, რომ ახალ მიტროპოლიტს არ მიიღებდა. მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში წალკიდან გადაიყვანეს, არ მალავდა, რომ მარტვილში საგანგებო მისიით ჩავიდა.

მეუფე გრიგოლის ჩასვლამდე უკვე მიტროპოლიტობიდან გადაყენებულმა მეუფე პეტრემ სასულიერო პირებთან და მრევლთან დამშვიდობება მოასწრო. ყველაზე ემოციური გამომშვიდობებმა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს სკოლაში მოუწყვეს. მეუფე პეტრესთან ერთად სკოლას დღეს მისი დირექტორიც დაემშვიდობა.

მრევლთან და სასულიერო პირებთან დამშვიდობების პარალელურად, მარტვილში მეუფე პეტრეს მხარდამჭერი სასულიერი პირები და თეოლოგები შეიკრიბნენ და საპატრიარქოს მხილების მიზნით დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება დააანონსეს.

მიტროპოლიტობიდან განყენებული მეუფე ამ დრომდე მარტვილში რჩება. პეტრე ცაავა ეპარქიაში საქმეების გადაბარების დასრულებამდე იქნება, შემდეგ კი, თუ პატრიარქმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა, შიომღვიმის მონასტრის ნაცვლად ის მისთვის სასურველ ტაძარში გააგრძელებს მსახურებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები