19 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
დეკანოზის ახალი წერილი ციხიდან - გიორგი მამალაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება

გიორგი მამალაძე შეწყალების რეკომენდაციისთვის სინოდს მადლობას უხდის და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი  ორი დღეა დუმს.

პრეზიდენტი არ ამბობს, შეცვლის თუ არა ამჯერად საკუთარ გადაწყვეტილებას. დღესვე ცნობილი ხდება, რომ თუ ზურაბიშვილი საპატრიარქოს რეკომენდაციას გაითვალისწინებს, გამოცხადებული მორატორიუმი დეკანოზის გათავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ გახდება.

დეკანოზმა ციხიდან გამოგზავნილი წერილით საკუთარი სათქმელი საზოგადოებამდე მიიტანა. გიორგი მამალაძეს, რომელიც თითქმის სამი წელია გათავისუფლებას ითხოვს, სურვილი ნაწილობრივ შეუსრულდა. დიდი ბრძოლის შემდეგ საეკლესიო კრებას კატეგორიული უარი დაათმობინა. დეკანოზი მამალაძე იმედოვნებს, რომ ბრძოლის შედეგი პრეზიდენტზეც იმოქმედებს.

შეწყალების შუამდგომლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე ჯერ არ მისულა, ამიტომ უცნობია შეიცვლის თუ არა სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პოზიციას მხოლოდ იმიტომ, რომ მას წმინდა სინოდმა მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა დეკანოზ მამალაძეს შეწყალებაზე ერთხელ უარი უკვე უთხრა.

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, მამალაძის საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაში მოქმედი მორატორიუმი ხელის შემშლელი ფაქტორი ვერ იქნება.

სინოდის გადაწყვეტილება, შუამდგომლობით მიემართა პრეზიდენტისთვის - დაემთხვა პერიოდს, როდესაც საზოგადოება გიორგი მამალაძის ციხიდან გამოგზავნილ მუქარის წერილზე მსჯელობდა. დეკანოზი აანონსებდა, რომ ისაუბრებდა მძიმე დანაშაულზე და ამხელდა სასულიერო პირებსაც.

პატრიარქის მდივან რეფერენტის მკვლელობის მომზადების მცდელობაში მსჯავრდებულის ოჯახი გამორიცხავს ვერსიას,რომ სინოდმა ჰუმანური ნაბიჯი სწორედ ამ გზავნილის გამო გადადგა.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიის კლინიკაში მყოფ პატრიარქთან მიემგზავრებოდა. პროკურატურის ვერსიით, დეკანოზს ბარგში ციანიდი აღმოუჩინეს, რომლითაც შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

ამ დანაშაულისთვის მას ორი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი 9 წლით განუსაზღვრა. შემდეგ უზენაესმა საქმის განხილვაზე უარი თქვა და დავას ახლა საერთაშორისო არბიტრაჟში აგრძელებს.

დღის ამბები