20 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
"მას აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობის მანდატი, შედეგებით ვიმსჯელოთ"- აბაშიძე კარასინის მოლაპარაკების ფორმატში დარჩენას დადებითად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, თანამდებობის ცვლილების მიუხედავად პრაღის ფორმატში რუსეთის წარმომადგენლად გრიგორი კარასინის დარჩენას ეხმაურება. ზურაბ აბაშიძის თქმით, შესაძლოა კარასინს მოლაპარაკებებში უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეს მას შემდეგ, რაც ის აღარ არის საგარეო უწყების ჩარჩოში მოქცეული:

"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ახლა ფედერაციის საბჭოს წევრია, არა მგონია, რომ ამ სტატუსით ნაკლებია. ვერ გეტყვით ვნახოთ, იქნებ მას უფრო მეტი შესაძლებლობა ქონდეს, ნაკლებად იყოს შებოჭილი, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარჩოებში. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მას აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობის მანდატი,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ ფორმატის მნიშვნელობა შედეგებით უნდა შეფასდეს და არა ხმაურიანი განცხადებებით:

"რამდენად შედეგიანი იქნება ეს ჩვენი მორიგი შეხვედრები დრო გამოაჩენს და შედეგებით გამოჩნდება ეს ყველაფერი. ზოგადად მე უფრო იმის მომხრე ვარ, რომ შედეგებით ვიმსჯელოთ და არა მხოლოდ რაღაც ვერბალური განცხადებებით ზოგი ხმაურიანი, ზოგი ნაკლებად ხმაურიანი,"- აღნიშნა აბაშიძემ.

როგორც აბაშიძემ "კურიერთან" განაცხადა, შეხვედრაზე რომელიც ნოემბრის ბოლოსაა ჩანიშნული საუბარი იქნება ავიამიმოსვლის საკითხზეც. დამატებითი საკითხები კი შეხვედრის თარიღის მოახლოებასთან ერთად დაზუსტდება:

"ვისაუბრებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სატრანსპორტო კავშირებზე, რა პრობლემებია და ამას შევეხებით, რა თქმა უნდა, ამ შეწყვეტილ თუ შეჩერებულ ავიამიმოსვლას"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები