19 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
ვინ გაუღებს პატიმრებს ციხის კარებს? - პრეზიდენტი დაუსრულებელი მორატორიუმით მსჯავრდებულთა უფლებებს არღვევს

"ოცნება" თავისუფლებაზე ისევ შეზღუდულია, - პრეზიდენტის გზავნილი პატიმრებისთვის უცვლელია. სალომე ზურაბიშვილი დუმს და არ აკონკრეტებს, როდის აპირებს შეწყალებაზე მორატორიუმის გაუქმებას.

ამ დრომდე საპყრობილეში მყოფი ადამიანები ვერ სარგებლობენ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით, მოითხოვონ თავისუფლება.

პარალელურად კი აქტუალობას არ კარგავს კითხვა, რა მექანიზმით უნდა გაუღოს პატიმრებს ციხის კარები პრეზიდენტმა? კომისია, თუ ისევისე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, - ვინ იმსჯელებს შეწყალებაზე - ხელისუფლებას, ოპოზიციას და ექსპერტებს განსხვავებული ხედვები აქვთ.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისიის პირვანდელი სახით აღდგენა ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალია.

"ველოსიპედისა და რაკეტის გამოგონებას თავი დაანებონ, ყველა კრიტერიუმი გაწერილია კომისიის მიერ. უნდა აღდგეს კომისია სხვა ყველაფერი ზედმეტია,"- ამბობს ელისაშვილი.

შეწყალების კომისიის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც. "ნაციონალურ მოძრაობა" კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლას ითხოვს.

"მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის ნდობით აღჭურვილი პირებით უნდა მოხდეს კომისიის დაკომპლექტება,"- ამბობს უდუმაშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ "ევროპულ საქართველოში". პარტიაში მიიჩნევენ, რომ სათათბირო ორგანოს შექმნაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლაა.

"არავითარი აზრი არ აქვს კომისია იქნება თუ არ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და არ გაჩნდეს შეკითხვები კორუფციაზე,"- ამბობს "კურიერთან" საუბრის დროს კახიძე.

შეწყალების საკითხზე სათათბიროს შექმნის რეკომენდაციით პრეზიდენტს მმართველმა გუნდმა უკვე მიმართა. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობა შეწყალების კომისიას რისკების შემცირების უალტერნატივო მექანიზმად მიიჩნევს.

"ჩვენი აზრით, პარლამენტი არ უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში, ეს უნდა იქნეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დაკომპლექტებული ორგანი, რომელიც რეკომენდაციებს მიაწვდის პრეზიდენტს,"- ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე.

კომისიის აღდგენას უალტერნატივოდ მიიჩნევს კონსტიტუციონალისტთა ნაწილი. მესამე სექტორში კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია დაკომპლექტების წესთან ერთად სათათბიროს მუშაობის ვადებიც შეიცვალოს და ორგანო მუდმივმოქმედი გახდეს.

მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის გასამართლებული 3 პირი და ერთიც ძებნილი შეიწყალა, პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული. რა კრიტერიუმებით შეძლებს სამომავლოდ პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელებას ამაზე ოფიციალური კომენტარი მის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ გაკეთებულა.

​​

დღის ამბები