23 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
"ჩემი ცოლიც არ ყოფილა..." - დეა გოშხეთელიანის მოძალადე ქმარს სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

24 წლის დეა გოშხეთელიანი "კურიერთან" თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსამართლობაზე საუბრობს. დაზარალებული ყვება, რომ მოსამართლე ილონა თოდუამ მის მოძალადე ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერი უსაფუძვლოდ გაუუქმა, რითიც მისი სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენა. დეა გოშხეთელიანი სრულ პასუხისმგებლობას მის სიცოცხლეზე მოსამართლეს აკისრებს და მოძალადისგან თავდაცვას საკუთარი ძალებით ცდილობს.

"თუ მომკლავს სრული პასუხისმგებლობა მოსამართლეს ეკისრება," - აცხადებს დეა გოშხეთელიანი.

გიგა ბაკურაძემ დეა გოშხეთელიანისა და მისი მამის ცემის გამო საპყრობილეში 1 წელი და 9 თვე გაატარა. გათავისუფლებულს კი შემაკავებელი ორდერის მიხედვით დაზარალებულთან მიახლოება და კომუნიკაციაც კი ეკრძალებოდა. გიგა ბაკურაძე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი მხრიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ინფორმაცია სიცრუეა და სასჯელიც ტყუილად მოიხადა. ბაკურაძე ასევე უარყოფს, რომ გოშხეთელიანი წარსულში მისი მეუღლე იყო.

"ეს ყველაფერი ტყუილი, დაუსაბუთებელი ბრალდება, ჩემი ცოლიც არ ყოფილა"- აცხადებს ბაკურაძე.

დეა გოშხეთელიანის მიერ წარმოდგენილი ფოტოებით დგინდება, რომ 2015 წლის მარტში გიგა ბაკურაძესა და დეა გოშხეთელიანს ჯვრისწერა ჰქონდათ. ფაქტი, რომ ბაკურაძე ამას უარყოფს დაზარალებულს უფრო აშინებს. დეა გოშხეთელიანი ყოფილი მეუღლის ჯანმთელობის პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"ჩვეულებრივი ქორწილი იყო, რელიგიური წესით, მაგრამ ის მე დღემდე არ მთვლის და ცუდი სიტყვებით მომიხსენიებს, მაგიტომ უფრო მეშინია, ეს ადამიანი არის შეურაცხადი,"- აცხადებს გოშხეთელიანი.

გოშხეთელიანის უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს. ლაშა ბექიშვილის თქმით, მაშინ როდესაც არსებობს რისკი მოძალადის მხრიდან დანაშაულის გამეორების, შემაკავებელი ორდერის გაუქმება უკანონოა.

სტატისტიკის მიხედვით ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამის მიზეზად ძალადობის შემთხვევაში პოლიციისთვის მიმართვიანობის ზრდას ასახელებენ. სულხან სალაძე დანაშაულის პრევენციის მექანიზმებისა და კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.

დეა გოშხეთელიანი სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ბაკურაძის წინააღმდეგ ახალი ორდერის გამოწერას მოითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა და შემცირებულია დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტები, ერთ ერთ მიზეზად ძალოვან უწყებაში ფაქტებზე გამკაცრებულ რეაგირებას ასახელებენ. მათ შორის ერთ-ერთია დამრღვევი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

დღის ამბები