23 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
დიდი არტისტები ნიუ იორკის გამოფენაზე - ვარაუდობენ, რომ გაყიდული ნამუშევრების თანხის საერთო რაოდენობა 200 მილიონს გადააჭარბებს

პიკასო, მონე, როტკოჰოკნი - ეს იმ დიდი არტისტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ნამუშევრებიც ნიუ-იორკის გამოფენაზეა წარდგენილი. გალერეებმა ხელოვნების მოყვარულებს აღიარებული შედევრების დათვალიერებისა და სხვადასხვა ეპოქაში მოგზაურობის საშუალება მისცეს.

"1950 -55 წლებში მაკ როტკოს ოქროს ეპოქა ჰქონდა. მისი ნამუშევრები ჩვენს გამოფენაზეც არის წარმოდგენილი. მხატვარი თბილი და ცივი ფერების გამოყენებას თავს არიდებს. მდუმარება და აბსტრაქტული ხედვა როტკოს მაგიაა. არტისტს უნიკალური თვისება ჰქონდა ბუნების ემოცია მთელი სიმძაფრით შეეგრძნო და გადმოეცა ნამუშევრებში," - აცხადებს "სოთბის" აუქციონის წარმომადგენელი გრიგორ ბილაუ.

გამოფენის თემა შემოდგომაა. ექსპოზიციების ნახვა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. 11 ნოემბერს იშვიათ ნამუშევრებს "სოთბისა" და "კრისტის" აუქციონებზე გასაყიდად გაიტანენ.

"ნამუშევრების უმეტესობა შემოდგომის თემატიკას უკავშირდება. ყველა ნახატი იშვიათია და თითოეული მათგანის ფასი უკვე განსაზღვრულია"- აცხადებს "კრისტის" აუქციონის წარმომადგენელი მაქს კარტერი.

აუქციონი სახელწოდებით "იმპრესიონისტ-მოდერნისტული ხელოვნების საღამო" ფერწერის მოყვარულთა კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი. გასაყიდად 61 ნამუშევარს გაიტანენ. თითოეული მათგანის ღირებულება 6-დან 45 მილიონ დოლარამდეა.

აუქციონზე გასაყიდ ნამუშევრებს შორის ესპანელი ხელოვანის პაბლო პიკასოს ნახატებიცაა
"ქალი სავარძელში" და "მამაკაცის ბიუსტი"- კუბიზმის ფუძემდებლის ნამუშევრების საწყისი ფასი 12-დან 18 მილიონ დოლარამდეა.

ნახატებს შორისაა ამერიკელი მხატვრის ედ რუშას "რადიო". აუქციონის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ ნახატი რეკორდს მოხსნის და ყველაზე ძვირად გაიყიდება. მხატვარმა პოპულარობა პოპ-არტის მიმდინარეობაში მოიპოვა. "ზოგი მხატვარი ვარდებს ქმნის, მაგრამ მე ძირითადად სიტყვებით ვმუშაობ"- ასეთია ედ რუშას დამოკიდებულება ხელოვნებასთან.

"რუშას უნიკალური ნამუშევრის ლურჯი და ყვითელი რადიოს გაყიდვას 30-დან 40 მილიონ დოლარამდე ვვარაუდობთ. დარწმუნებული ვარ ნახატი რეკორდს მოხსნის და აუქციონის შემდეგ მასზე მთელი მსოფლიო ისაუბრებს." - ამბობს "კრისტის" აუქციონის წარმომადგენელი ალექსანდრ როტერი.

აუქციონის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაყიდული ნამუშევრების თანხის საერთო რაოდენობა 200 მილიონს გადააჭარბებს.

დღის ამბები