23 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
"ეპარქიას უახლოეს საათებში დავტოვებ" - ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი დაიწყო. პირველ სამუშაო შეხვედრას სპეციალური კომისიის წევრები - ეპარქიის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები დაესწრნენ.

სპეციალურმა კომისიამ ეპარქიის ინვენტარიზაცია უნდა ჩაატაროს. შეხვედრაზე ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ  სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მეუფე პეტრეს თქმით, ის ჭყონდიდის ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დატოვებს.

როგორც ყოფილმა მღვდელმთავარმა აღნიშნა, ის კომისიის მუშაობის დასრულებას არ დაელოდება.

"სამუშაო გეგმა შედგა. ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე და შემდეგ აბაშის. აქ იმყოფება აბაშის წარმომადგენელიც და მარტვილისაც, შესაბამისად ნდობით აღჭურვილი კომისია განაგრძობს მუშაობას. მე ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ," - აღნიშნა მეუფემ  პეტრემ.

მეუფე გრიგოლის განმარტებით კი, ეპარქიაში ცვლილებები არ იგეგმება.

"არანაირი ცვლილება არ იგეგმება. ჯერ უნდა გავეცნოთ ეპარქიას, გავეცნოთ მამებს. მე ჩარევა არ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ქირურგი ვარ, ქირურგიური ჩარევა არ მიყვარს," - აღნიშნა ჭყონდიდისა და მარტვილის ახალმა მღვდელმთავარმა მეუფე გრიგოლმა. 

დღის ამბები