18 აპრილი 2024,   08:09
ვრცლად
მეუფე პეტრე საეპისკოპოსო რეზიდენციის დასატოვებლად ემზადება, თუმცა ის სინოდის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

მარტვილის ეპარქიაში გადაბარების პროცესი უკვე დაწყებულია. 13 წლიანი მსახურების შემდეგ მეუფე პეტრე ჭყონდიდის საეპისკოპოსო რეზიდენციის დასატოვებლად ემზადება, თუმცა ის სინოდის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს ამბობს.

ეპარქიიდან მიდის სასულიერო პირების ნაწილიც. წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს პირველი წირვა აღავლინა ეპარქიის ახალმა ხელმძღვანელმა. წირვას პროტესტის ნიშნად მონაზვნების უმრავლესობა არ დასწრებია, როგორც მეუფე გრიგოლი ამბობს, ეპარქიაში რეორგანიზაციას არ გეგმავს.

ყოფილი მიტროპოლიტი ეპარქიას ჯერ არ ტოვებს. საეპისკოპოსო რეზიდენციაში კი წლების განმავლობაში შეგროვილ ნივთებს მეუფეს თბილისში წამოსაღებად უმზადებენ. ყოფილმა მღვდელმთავარმა ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წელი გაატარა. პირად ნივთებს შორის, მთავარი განძი, რომელიც მიტროპოლიტმა 2006 წლიდან დღემდე შეაგროვა, მისი ლიტერატურა და ილია მეორის ფოტოსურათები აღმოჩნდა.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით განაწყენებულები არიან ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები. მეუფე გრიგოლ კაციასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ეპარქიას ტოვებს დეკანოზი ანდრია სარია, რომელიც ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის წინამძღვარია. ეპარქიას ტოვებს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია თამარ გამყრელიძე, რომელსაც დედა სოსანე ჩაანაცვლებს.

ჭყონდიდის მოქმედი ეპისკოპოსი ყოფილს შერიგებისკენ მოუწოდებს, თუმცა სინოდის სხდომიდან სამი დღის შემდეგ მეუფე პეტრე პოზიციას არ იცვლის და თვლის, რომ უსამართლობას არასდროს უნდა შეურიგდეს, ამიტომ არ ემორჩილება სინოდს და ილია მეორეს გადაწყვეტილებას და შიომღვიმის მონასტრის ნაცვლად მოღვაწეობის გაგრძელებას სავარაუდოდ თბილისში გეგმავს.

დღეს დილით, წირვის დაწყებამდე მეუფე გრიგოლმა პირმა აღიარა, რომ სინოდის სხდომამდე მეუფე პეტრეს შეხვდა და სკანდალური ბრალდებების დეტალებზე ისაუბრეს. მისი თქმით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის ბრალდებები მან ილია მეორესაც უამბო, თუმცა პატრიარქმა მღვდელმთავარს ლოცვისკენ მოუწოდა.

დილიდან ჭყონდიდის ეპარქიაში საპატრიარქოდან მივლენილი 9 კაციანი ჯგუფი ჩავიდა, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში ინვენტარიზაციას განახორციელებს და ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის. სპეციალური გეგმა უკვე შემუშავებულია და ხანგრძლივ პროცესში მოქმედი და ყოფილი მიტროპოლიტები არიან ჩართულები.

მეუფე პეტრეს წმინდა სინოდმა დროებით მღვდელმსახურება შეუჩერა, 31 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მმართველობის უფლება ჩამოერთვა და წმინდა სინოდიდან გარიცხეს.

ილია მეორეს გადაწყვეტილებით მეუფე პეტრემ ცოდვები შიომღვიმის მონასტერში უნდა მოინანიოს, თუმცა სასულიერო პირი პატრიარქის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. არ არის გამორიცხული, ჭყონდიდის ყოფილი მმართველის დაუმორჩილებლობის გამო სინოდი კიდევ ერთხელ შეიკრიბოს.

დღის ამბები