25 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
როდის დამონტაჟდება გაზის დეტექტორები - რეკომენდაცია მოსახლეობას

როდის დამონტაჟდება კორპუსებში უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის დეტექტორები.

როგორც "კურიერის" ექსპერიმენტი აჩვენებს ე.წ. გაზის დეტექტორი იმდენად მგრძნობიარეა, რომ ბუნებრივი აირის მცირე ოდენობასაც აღიქვამს. აპარატი ამოქმედების შემთხვევაში ხმოვან სიგნალს გამოსცემს, ეს ერთ-ერთი გზაა უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთი ბერკეტი მექანიკური ჩამკეტია, რომელიც მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში შენობაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს.

გაზით სიკვდილიანობის აღმოსაფხვრელად მთავრობა მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს და სწორედ ამ მოწყობილობების დამონტაჟებისკენ მოუწოდებს. ეკონომიკის მინისტრი ჯერჯერობით მხოლოდ ზეპირი გაფრთხილებით შემოიფარგლება და ხალხს უსაფრთხოების ნორმების დაცვას სთხოვს.

თურნავას უწყებას წესით აქამდე შესაბამისი კანონპროექტი უნდა შეემუშავებინა. კანონის გამკაცრება მთავრობამ გასულ წელს გაზის აფეთქებების გახშირებული შემთხვევების შემდეგ გადაწყვიტა, თუმცა 1 წლის წინ გაცხადებული გადაწყვეტილება მთავრობას სისრულეში ამ დრომდე არ მოუყვანია.

ნათია თურნავა გვარწმუნებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ანალოგიურ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. მართალია ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტზე ამ კომისიასთან ერთად მუშობს, თუმცა როგორც მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, დეტექტორების დაყენება გამოსავალი ვერ იქნება. მათი აზრით, პრობლემა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებითა და კუსტარულ მოწყობილობებზე მაღალი ჯარიმის დაწესებით უფრო გადაიჭრება.

სპეციალისტები გამოსავალს სემეკისა და ”თბილისი ენერჯის” რეკომენდაციების გაერთიანებაში ხედავენ. ენერგეტიკოს გია არაბიძის თქმით, CO-თი ინტოქსიკაციისა და გაზით აფეთქების შემთხვევების შესამცირებლად, პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

ე.წ. დეტექტორების დაყენების ვალდებულება არც ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიას და არც მოქალაქეებს ამ დრომდე არ აქვთ. პრობლემები მოუგვარებელია იმ საცხოვრებელ შენობებშიც კი, რომლებშიც გაზის აფეთქება ადამიანური მსხვერპლით დასრულდა.

უცნობია უსაფრთხოების ახალი სისტემების დამონტაჟებას მთავრობა გაზგამანაწილებელ კომპანიებს დაავალებს თუ მოსახლეობას საცხოვრებელი ბინების მსგავსი აპარატურით აღჭურვა თავად მოუწევს. ჯერჯერობით კი, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ვალდებულება არავის აქვს და პრობლემაც ღიად რჩება.

დღის ამბები