19 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
"ივანიშვილს სურს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მისცეს ნდობის მანდატი" - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს პოლიტიკური შეფასებები

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან გამოცემა "ანტერპრენერს" მისცა, პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა იყო.

"ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის მისი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე, თანამედროვე ისტორიის ამ გარკვეულ მონაკვეთზე, და ამ პასუხისმგებლობას თავმდაბლობით, ენთუზიაზმით და სამშობლოს მიმართ პატრიოტული დამოკიდებულებით ახორციელებს ადამიანი,"- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

თბილისის მერი კახა კალაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა ინიციატივით ბიზნესისთვის სტიმულის მიცემას ცდილობს, რის დასტურადაც აბასთუმნის მაგალითი მოჰყავს. 

"ხომ ვიცით, რა მდგომარეობაში იყო აბასთუმანი, საერთოდ არაფერი არ კეთდებოდა. ამ ადამიანმა დაიწყო მისი განვითარება, აღორძინება, სხვა ბიზნესმენებიც ჩაერთო, იგივეა წყალტუბო. არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ყველანაირი რესურსებით,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ინტერვიუთი საზოგადოებას ნდობას კიდევ ერთხელ სთხოვს.

"ივანიშვილი ამ ინტერვიუში, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ეუბნება საზოგადოებას, რომ  კიდევ ერთხელ მისცენ მორიგი, რაღაც პერიოდის მანდატი და ენდონ. მაგრამ მგონი ყველამ კარგად დაინახა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ნდობა, რომელიც მას გამოუცხადა საზოგადოებამ, არ გამართლდა,"- განაცხადა კაპანაძემ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე წყალტუბოს აღორძინების პროექტს ივანიშვილის "იაფი ბიზნესის" ასაწყობ მორიგ სქემას უწოდებს. 

"ეს არის ნაცადი სქემა - მაგალითად, მან გაყიდა გლდანის ბიტკოინების ქარხანა, სადაც მიიღო უფასოდ მიწა, გათავისუფლდა ყველა გადასახადისაგან, ეს საწარმო აბსოლუტურად არაფერს იხდის, შეღავათიან ფასში მიეწოდება ელექტროენერგია და ხალხისა და ბიუჯეტის შეღავათით იაფად აწყობილი ბიზნესი გაყიდა საკმაოდ სარფიანად, ასევე მოხდა გორში. თუ წყალტუბოში ჩალის ფასად მიიღებს მიწას და ააშენებს, გამოუჩნდება ბუნებრივია, მყიდველი შემდეგ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

დღის ამბები