20 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
"ეს საკითხი საგარეო უწყებამ უნდა შეისწავლოს" - შეფასებები ლიეტუვაში საქართველოს ელჩის შესაძლო დარღვევებზე

ლიეტუვაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ხათუნა სალუქვაძის მიერ ჩადენილ შესაძლო დარღვევებზე კომენტარი პარლამენტარებმა გააკეთეს. 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინათინ ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ საკითხი საგარეო უწყებამ დეტალურად უნდა შეისწავლოს. 

"აუცილებელია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი. ასე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება არ მგონია სწორი იყოს. თუ დადასტურდა ეს ფაქტები, მე პირადად, ასეთ ადამიანს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს საერთოდ არ გავაკარებდი, ეს ანგრევს არამხოლოდ საგარეო უწყების რეპუტაციას, არამედ ზოგადად, ქვეყნის რეპუტაციას," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი ცქიტიშვილს გავრცელებული ინფორმაციის სანდოობაში ეჭვი შეაქვს.  

"ელჩები თვითონ არ იხდიან, თვითონ ვერ აიღებდა, რაღაც არა მგონია. არ ვიცი რაშია საქმე, მე ხომ არ გავერკვევი სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ამიტომ ჯობია, სამინისტროს მიმართოთ და ის უფრო კომპეტენტურად გაგცემთ პასუხს. მე ვიცი ის, რაც მედიით გავრცელდა. ტექნიკურად, მე რამდენადაც ვიცი, ელჩები თავისი ჯიბიდან არ იხდიან ფულს, მათ უხდიან საელჩოები,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ვილნიუსის სასამართლომ ლიეტუვაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა სალუქვაძე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

საუბარია ბინის ქირის საფასურზე, რომელიც 8 ათას ევროს შეადგენს, ასევე მას დაეკისრა გადასახდი ჯარიმებისა და სასამართლოს მომსახურების მოსაკრებლისთვის.

თავად ხათუნა სალუქვაძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები