20 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
ინფლაციის შედეგად გაძვირებული ცხოვრება - რა ღირდა და რა ღირს პროდუქტი დღეს

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში ხორცზე, რძის ნაწარმზე, თევზზე, პურპროდუქტებზე, ბოსტნეულსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა. შედარებულია წლევანდელი და შარშანდელი წლების ანალოგიური პერიოდები. ხორცის პროდუქტებზე ფასები თითქმის 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო რძის ნაწარმსა და კვერცხზე 16%-ით. 

მომხმარებლის გარდა უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოვაჭრეებიც, რადგან ფასების ზრდასთან ერთად მათი კლიენტების რაოდენობა იკლებს.

ინფლაციის და ფასების ზრდის ოფიციალური მაჩვენებლები დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა. მონაცემები ოქტომბრის თვის შედეგებს აჩვენებს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან არის შედარებული.

საქსტატის მონაცემებით, წელს ფასების საერთო დონის 6.9 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რამ განაპირობა მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა - ამ საკითხზე დღეს განმარტებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმაც გააკეთეს. მათი შეფასებით, ვითარება რთულია, თუმცა არა საგანგაშო. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ოფიციალური პირების ვარაუდით, ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს მომავალი წლის გაზაფხულზე დაუბრუნდება.

მთავრობის და ეროვნული ბანკის რეაგირებას დაგვიანებულად მიიჩნევენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში. ორგანიზაციის განმარტებით, ფასების ზრდის გამო ამ ბიზნესსექტორს მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნება. ამასთან, ასოციაციის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეებში პროდუქტები კიდევ გაძვირდება, რადგან მწარმოებლებს ხარჯები და დავალიანება ეზრდებათ.

ფასების საერთო დონის 6,9 პროცენტიანი ზრდა - ეს 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასულ თვეს ფასების მცირედი კლება მხოლოდ ტანსაცმლისა და კავშირგაბმულობის ჯგუფებში დაფიქსირდა.

დღის ამბები