25 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
მიიტაცა თუ არა მეუფე პეტრემ მოქალაქეთა მიწები - ჭყონდიდის ეპარქიაში საპატრიარქოს კომისია მუშაობს

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახური მიწების შესაძლო მიტაცების საქმეების შესწავლას იწყებს.

საპატრიარქოდან მარტვილში საგანგებოდ ჩასული კომისია უკვე მეოთხე დღეა ეპარქიაში მუშაობს. როგორც ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა დღეს თქვა, იწყება მიწების შესაძლო მიტაცების საქმეების შესწავლა. მიზეზად კომისია მოქალაქეების ზარებს ასახელებს, რომლებიც საპატრიარქოში რეკავენ და რეაგირებას ითხოვენ.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს მეუფე პეტრეს ბრალდებებს უყენებს, ოთარ ჯიქიაა. მოქალაქე ირწმუნება, რომ სალხინოში მეუფე პეტრემ კუთვნილი ტერიტორიები ჩამოართვა და მიწებით დღემდე პირადად სარგებლობს. ოთარ ჯიქია ერთადერთი არ არის, ვისაც მეუფესთან პრეტენზიები აქვს. იგივე თემაზე საუბრობს კიდევ ერთი ოჯახი.

ის გარემოება, რომ ჯიქიამ ბრალდებებზე საუბარი დღეს დაიწყო და წლების განმავლობაში ჩუმად იყო, მეუფე პეტრეს გარემოცვისთვის ეჭვების საფუძველია. მამა ანდრია სარია ჯიქიასთან დაწყებული დავის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მოქალაქესთან სამართლებრივი დავა 2012 წელს ეკლესიამ მოიგო.

მეუფე პეტრეს წინააღმდეგ დაწყებულ დევნად აფასებენ მიწების მიტაცების საკითხის წამოწევას სხვა სასულიერო პირებიც. იღუმენია თამარ გამყრელიძე ცილისწამებაზე და მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს

არც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელი მეუფე გრიგოლი და არც ქონების გადაბარებაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარე, ჯერჯერობით, შეფასებას არ აკეთებენ. 

პირველ შეფასებას კომისია მას შემდეგ გააკეთებს, რაც ეპარქიის ქონებას გადაიბარებს. პროცესი მარტვილში დღეს დასრულდა და ხვალიდან უკვე აბაშაში განახლდება.

ავტორი: სალომე ფაცაცია.

დღის ამბები