25 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამშენებლო ტექნიკა ისევ გამოჩნდა 

სიტუაცია გართულდა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სულ ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვესში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ზაქრო ბუთხუზის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დღესვე ოკუპანტები სოფელ ხურვალეთშიც გამოჩნდნენ.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ისინი ვიდეოკადრებზეც დააფიქსირეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს რუსული სამშენებლო ტექნიკა მუშაობდა.

სიცოცხლის რისკის ფასად გადაღებული ეს კადრები უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ოკუპაციის მასშტაბი იზრდება. ვიდეო ხანმოკლეა, რადგან როგორც მისი ავტორი ამბობს, ადგილზე მალევე 2 რუსი სამხედრო გამოჩნდა, რის გამოც ლუდა სალიას ტერიტორიის დატოვება მოუწია.

ვიდეოს გადაღების მომენტში სამუშაოების მიზეზი არ იცოდა, თუმცა მოგვიანებით გაარკვია, რომ ოკუპანტებს ახალი გზა გაყავთ. ლუდა სალიას ინფორმაციით, რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 15 მეტრით გადმოვიდნენ. ჯარისკაცები ადგილზე დღეს არ გამოჩენილან, თუმცა მანამდე თითქმის სამი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაოდნენ.

ეს კადრებიც ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მიმდინარე პროცესებს ასახავს. ვიდეოში ჩანს 50-მდე რუსი სამხედრო, ისინი სროლაში ვარჯიშობენ. ფაქტი ანტისაოკუპაციო მოძრაობამ სპეციალური შორსმხედველი მოწყობილობით დააფიქსირა.

ოკუპანტების გააქტიურება სოფლის მოსახლეობას აშინებს. ამბობენ, რომ სივრცე თავისუფალი გადაადგილებისთვის ყოველდღიურად მცირდება. 

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსშია ევროკავშირი, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

რუსეთზე ზეწოლის მიზნით ხელისუფლება პარტნიორებთან დიალოგს განაგრძობს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, ბოლო პერიოდის ინციდენტებზე მკაფიო რეაგირებისთვის და ე.წ. გადასასვლელების გახსნისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას დღეს ბათუმიდან გამოეხმაურნენ დიპლომატები.

რუსი ოკუპანტების ჩაკეტილმა გზამ ერთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. შვილები დედის დასატირებლად არ შეუშვეს. ახალგორიდან თბილისის საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტის გადმოყვანას ვერ ახერხებენ. 11 თვიანი პაუზის შემდეგ ოკუპანტებმა კვლავ განაახლეს ლითონის ბადეების გავლება ატოცის საოკუპაციო ხაზთან, ადგილზე ოკუპანტები ამჯერად ცხენებით პატრულირებდნენ.

ჩორჩანაში დაწყებული უთანხმოების გამო კი უკვე 2 თვეზე მეტია შეხვედრები ერგნეთში შედეგის გარეშე სრულდება. საოკუპაციო რეჟიმი წნელისში გახსნილი უკანონო პოსტის გაუქმებას არ აპირებს.

დღის ამბები