19 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
ოჯახური ძალადობა სამი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი. ამჯერად მეუღლეები  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ დაპირისპირება მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ხდებოდა. 

27 წლის იზა კანკია მეუღლეს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, ისტორია მძიმეა. "კურიერის" კამერასთან ძალადობის მსხვერპლი იხსენებს დღეებს, როცა ალექსი გოგოლაური მას სამი არასრულწლოვანი ბავშვის თვალწინ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა - ოთახში ამწყვდევდა და ხშირად ბავშვების თვალწინ ძალის გამოყენებით მასთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა.

ყოფილი მეუღლის დედა ძალადობის ფაქტს ხშირად შესწრებია, თუმცა მისი დახმარება არასდროს უცდია. დედამთილი ქალს გარეთ გასვლასა და ტელეფონზე საუბარსაც უკრძალავდა.

იზა კანკია და ალექსი გოგოლაური ერთმანეთს სამი წლის წინ დაშორდნენ. მას შემდეგ ის სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დროებით თავშესაფარში ცხოვრობდა. დღეს ქალი ამბობს, რომ 2019 წლის სექტებერს მას ყოფილმა მეუღლემ ბავშვები მოტყუებით წაართვა და აღარ უბრუნებს. ის დახმარებას შესაბამისი სოციალური სამსახურისგან ითხოვს.

2016 წელს ალექსი გოგოლაურმა ცოლზე ძალადობის ფაქტზე საპატიმროში ერთი წელი გაატარა, საბოლოოდ ის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. მეუღლე არ უარყოფს ჩხუბისა და კამათის ფაქტებს, თუმცა ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას სიცრუეს უწოდებს.

მეუღლე იზა კანკიას ძალადობაში თავად ადანაშაულებს და ამბობს, რომ როდესაც მისი ყოფილი ცოლი სამ არასრულწლოვანთან ერთად დაშორების შემდეგ დროებით თავშესაფარში ცხოვრობდა ბავშვებს ფიზიკურად უსწორდებოდა და საათობით ბნელ ოთახშიც კეტავდა.

დედის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს 6 წლის ბიჭიც საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ როდესაც სახლში უცხო ხალხი მიდიოდა, დედა მათ ოთახში საათობით კეტავდა, არასრულწლოვანი ცემის ფაქტებსაც იხსენებს. მათ დედასთან დაბრუნების სურვილი ამჯერად არ აქვთ.

დედის მხრიდან ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიებას ახლა სენაკის პოლიცია 126 პრიმა მუხლით აწარმოებს. არასრულწლოვნებზე ძალადობის საქმეში ჩართულნი არიან ფსიქოლოგებიც. სოციალური მუშაკის თქმით, ბავშვები ახლა მამასთან იმყოფებიან და სხვა ძალადობის ნიშნები მათზე არ იკვეთება.

იზა კანკიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება ალექსი გოგოლაურის წინააღმდეგ დაწყებულია. პარალელურად სენაკის პოლიცია ბავშვებზე ძალადობის საქმეს იძიებს. 

დედა ახლა მის წინააღმდეგ გამოძიების დასრულებასა და შვილების დაბრუნებას ელოდება.

დღის ამბები