დანაშაული, რომელზეც მოქალაქე გიორგი ბასილაშვილი ჩვენებაში ჰყვება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ჩაიდინა.
61 წლის ტარიელ ბეჟიტაშვილმა მიჯრით სროლის დროს საკუთარი სახლის წინ 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელსაც 5 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, განსაკუთრებით მძიმე იყო.
ტარიელ ბეჟიტაშვილი ამჟამად გლდანის ციხეშია და სასამართლო განხილვების დაწყებას ელოდება, რათა დაამტკიცოს რატომ ისროდა, როგორც თავად ამბობს, უმისამართოდ, საკუთარი სახლის წინ.
ძალოვანი უწყების უკვე ყოფილი თანამშრომელი საკუთარი დანაშაულის დამალვას ცდილობდა და მომხდარის შესახებ საქმის კურსში პოლიცია არ ჩააყენა. გამოძიება კი მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც მძიმედ დაჭრილი პაციენტები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ამის შემდეგ პოლიციელები ბეჟიტაშვილთან სახლში მივიდნენ და ხელბორკილები დაადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტს ახლა განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. მან უწყებიდან წასვლის შესახებ პატაკი ციხიდან გამოაგზავნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ახლა ამტკიცებს, რომ მომხდარ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, კონფლიქტში მონაწილე პირებმა სცემეს. თუმცა მაშინ პოლიციისთვის არ მიუმართავს და ანგარიშსწორება თვითონ გადაწყვიტა.
რამდენიმე თვის შემდეგ დაკავებული გამოძიების დაწყებას მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის მუხლით ითხოვს და აცხადებს, რომ მასთან ერთად სხვებიც უნდა დაისაჯონ.