18 ნოემბერი 2019,   17:28
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა და კოშაძე პატიმრობაში დატოვა. სხდომა 2 საათი მიმდინარეობდა.

საქმის პროკურორმა კობა კოშაძის პატიმრობაში დატოვების მიზეზები განმარტა. ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, მოსამართლემ ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ კოშაძის მხრიდან თავისუფლების პირობებში ყოფნის შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, სრულად გაიზიარა.

"მის მიერვე ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე და ასევე არსებობს მიმალვის საფრთხე, ვინაიდან მას ბრალად ედება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა," - განაცხადა პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ.

კობა კოშაძის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლო დაეთანხმა დაცვის მხარის პოზიციას, რომ ექსპერტიზამ კოშაძის შეხება საქმეში არსებულ იარაღთან ვერ დაადგინა, თუმცა აღკვეთი ღონისძიება ბრალდებულს არ შეუცვალა.

"ამ იარაღის სხვა დანაშაულთან კავშირი და ვინმე სხვა პირებთან კავშირი არ გვაქვს, მაგრამ როგორც წესი ძალაში დატოვა იმიტომ, რომ კი არის ის ახალი გარემოება, მაგრამ არ არის ისეთი არსებითი, რომ აღკვეთი ღონისძიება შევუცვალოთ," - განაცხადა კობა კოშაძის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

კობა კოშაძის თანაგუნდელის, "გამარჯვებული საქართველოს" წევრის მტკიცებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ და პროკურორმა და მათმა ზედამხედველებმა მარტივად გაწირეს 4 პოლიციელი. გურამ ჩალაგაშვილის განმარტებით, აღნიშნული პოლიციელების ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

"პირველად საქართველოს ისტორიაში მოსამართლემ თქვა, რომ უნდოდა მიეღო სხვა რამ, მაგრამ აძალებდნენ. ამიტომ იყო, რომ ერთი საათით გვიან შემოვიდა დარბაზში, ამიტომაც იყო, რომ არ შემოუშვა მთავარი არხი, ამიტომ არის ის, რაც მიიღო დღევანდელ დღეს. დღეს გელოვანმა და ჩხაიძე იყო თუ არ ვცდები პროკურორი, ამ ორმა ადამიანმა და მათმა ზედამხედველებმა ძალიან მარტივად გაწირეს ის ოთხი პოლიციელი, რომლებმაც არ თქვეს სიმართლე," - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 

დღის ამბები