18 ნოემბერი 2019,   17:28
ვრცლად
სასულიერო პირების შესაძლო სექსუალური დანაშაულების გამოძიება - ომბუდსმენის მოთხოვნას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

სახალხო დამცველის მოთხოვნას, რომ სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ხასიათის შესაძლო დანაშაულებზე გამოძიება უნდა დაიწყოს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ მურთაზ ზოდელავას გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა სახალხო დამცველის მხრიდან გაჟღერდა:

"ის რომ ლომჯარია ამას საუბრობს, ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ ლომჯარია ალბათ ხვალ-ზეგ იმასაც მოითხოვს, რომ ხელისუფლების მონაწილეობასთან დაკავშირებითაც მოხდეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და გავიგოთ მაგალითად "ციანიდის საქმე" რამდენად გამართულია,"- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

სახალხო დამცველის პოზიციას სწორს უწოდებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია:

"სწორია ეს პოზიცია, როდესაც გაცხადდა, რომ საჭიროა თუნდაც გამოძიების დაწყებამდე ამ ფაქტების შესწავლა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, რომ გამოძიება დაიწყოს და ჩატარდეს იმისთვის, რომ არ დარჩეს ესე გაცხადებული ფაქტები, რომლებიც არაა მხოლოდ სამოქალაქო ურთიერთობის და სამართლის ფორმატში განსახილველი საკითხი,"- განაცხადა ბესელიამ.

ქართული ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი, მისი თქმით, ეს იმ ძალების მხრიდან ხდება, რომლებსაც ქვეყანაში სტაბილურობა არ აწყობთ. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას გამოძიების დაწყებაზე, იონათამიშვილი აცხადებს, რომ თუ პროკურატურა ამას საჭიროდ ჩათვლის, გამოძიება დაიწყება:

"იმ სურათიდან გამომდინარე, რასაც მე ვხედავ, ამის საჭიროება არ არის,"- აღნიშნა იონათამიშვილმა.

დღის ამბები