19 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
შეეწირა თუ არა მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობა ია კერზაიას საქმეს - განათლების მინისტრის პოსტი დღეიდან ვაკანტურია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მინისტრის პორტფელს ერთი წელი და 4 თვე ფლობდა. ბატიაშვილის თქმით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. "ქართული ოცნების" მთავრობის განათლების მეხუთე მინისტრი უწყებიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ისევ განათლების სფეროში რჩება. 

გახარიას მინისტრთა კაბინეტის უკვე ყოფილმა წევრმა ისიც დააზუსტა, რომ მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში განაგრძობს.

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა, ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი,"-განაცხადა ბატიაშვილმა მედიასთან.

განათლების მინისტრის პოსტი, რომ ვაკანტური გახდა, ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმა განაცხადა. გიორგი გახარიამ კაბინეტის ყოფილ წევრს მადლობა სხდომაზევე გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს.


პრემიერ-მინისტრს ბატიაშვილის შემცვლელი არ დაუსახელებია. მას შემდეგ, რაც ყოფილმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა და თანამშრომლებს დაემშვიდობა, მის სავარაუდო შემცვლელზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის დასახელდა მისი მოადგილე ირინა აბულაძე და განათლების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. 

საკადრო ცვლილების შემდეგ შესაძლოა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის ნაწილი გამოეყოს. ამ საკითხზე კონსულტაციები, რომ მიმდინარეობს, ყოფილმა მინისტრმაც დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად ბადრი მაისურაძე - ბატიაშვილის მოადგილე სახელდება, რომელმაც დღეს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა. 

საპარლამენტო ოპოზიციას არ სჯერა, რომ ბატიაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დეპუტატების ნაწილი ბატიაშვილის პორტფელის დაკარგვას ია კერზაიას საქმეს უკავშირებს, ნაწილი ამ საქმესთან პირდაპირ პარალელებს არ ავლებს, თუმცა ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტი სკანდალებში გახვეული კადრისგან გაათავისუფლა.

ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლას ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს უკავშირებს მისი შვილი. ბაჩანა შენგელიას თქმით, თემა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით უსიამოვნო მას შემდეგ გახდა, რაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში შევიდა.

მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი მიხეილ ჩხენკელისგან 2018 წლის ივლისში გადაიბარა. ის "ქართული ოცნების" მთავრობაში განათლების მეხუთე მინისტრია. სწორედ მან ჩაიბარა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტრო. მანამდე ამ მიმართულებებს ცალკე უწყებები კურირებდნენ.

დღის ამბები