08 დეკემბერი 2019,   10:14
ვრცლად
საკუთარი ვენახიდან გატაცებული მამაკაცი ცხინვალში, ოკუპანტების ტყვეობაში რჩება - ზაქრო ბუთხუზის ოჯახი ინფორმაციულ ვაკუუმშია

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშთან ახლოს, 28 წლის ზაქრო ბუთხუზი საკუთარი ნაკვეთიდან გუშინ გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

ზაქრო ბუთხუზის ბიძა ამბობს, რომ სოფელი ქვეში ინფორმაციულ ვაკუუმშია. გაათავისუფლებენ თუ არა დაკავებულს ე.წ. ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, კითხვაზე პასუხი არ არსებობს. გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავების დახმარებით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ცხინვალში 7 ნოემბერი დასვენების დღეა და ე.წ. ოფიციალური პასუხის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, ზაქრო ბუთხუზი საკუთარი ვენახიდან უკვე მეორედ გაიტაცეს, ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპანტების ტყვეობაში 4 წლის წინაც იმყოფებოდა.

ინციდენტიდან 24 საათზე მეტი გავიდა, ოჯახი კი ამ დრომდე ელოდება პასუხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაშია გატაცებული. ახლობლების მტკიცებით, 28 წლის მამაკაცს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია და ის გამყოფი ხაზის განაპირას მდებარე ვენახში საშემოდგომო სამუშაოებს ატარებდა.

ოკუპანტებისგან გატაცებული ახალგაზრდის დეიდა ამბობს, რომ ზაქრო ბუთხუზი საკუთარი ვენახიდან გუშინ საღამოს გაიტაცეს. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ძმა, რომელმაც გაქცევა შეძლო, მიუხედავად ოკუპანტების მუქარისა, რომ მას ესროდნენ.

დაკავებულის დეიდისგან განსხვავებით, დეტალებზე საერთოდ არ საუბრობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ოკუპანტების ჩასაფრებიდან გამოაღწია. პირად საუბარში მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი ყოველი საჯარო კომენტარი ტყვეობაში მყოფი ძმის უსაფრთხოებას დაემუქრება. ოკუპანტები რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირად გადმოდიან, ამას სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ადასტურებენ.

სამხედროების უკანონო ჩასაფრებებზე ჩივიან გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა სოფლებშიც და ხელისუფლებას კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ. მოსახლეობის შიშებს კიდევ უფრო ამყარებს ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან გახშირებული ინციდენტები, ხელისუფლებას კი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს.

"რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი უკანონობა, როდესაც საქართველოს მოქალაქის დაკავება ხდება. ამ ეტაპისთვის გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ქართული მხარის მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან.  2008 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვართ მუდმივი პროვოკაციების რეჟიმში. უმძიმესი ვითარებაა ახალგორში და მთლიანად ცხინვალის რეგიონში, სადაც საფრთხე ექმნება როგორც ეთნიკურად ქართველ, ასევე ოს მოსახლეობას, გადაადგილების სრულად შეზღუდვის და რეგიონის მთლიანი იზოლაციის პირობებში,"- განაცხადა ციხელაშვილმა.

ციხელაშვილის თქმით, ქართული მხარე პარტნიორების ჩართულობით ცდილობს ზაქრო ბუთხუზის საკითხის მოგვარებას. ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ითხოვს, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოხდეს გამშვები პუნქტების გახსნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როგორებიც ცოტა ხნის წინ ახალგორში დაფიქსირდა, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები სამკურნალოდ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუშვეს.

გახშირებული ინციდენტების პარალელურად, დღეს გამყოფ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნა მოითხოვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა. მათ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს საგანგებო განცხადებით მიმართეს. წერილის ავტორების განმარტებით, ადგილზე უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გაუარესდა და დამძიმდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა. გასულ კვირას იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა ევროკავშირმაც.

დღის ამბები