19 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
​ბაგირი არის დაზიანებული - მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას კიდევ ერთი მუშა ემსხვერპლა

ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის გარდაცვალება სავარაუდოდ უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. შრომის ინსპექტორის განცხადებით, ბაგირის ჩამოვარდნა სავარაუდოდ, სამაგრის სიძველემ გამოიწვია.

"ბაგირი არის დაზიანებული და დაჟანგებული სავარაუდოდ ეს შემთხვევაც უკავშირდება ამას. მოხდება დამსაქმებელთან გასაუბრება, გამოვითხოვთ ყველა დოკუმენტაციას. როგორც ვიცით ხელმძღვანელი გადაყვანილია პოლიციაში დაკითხვაზე,"- ამბობს შრომის ინსპექტორი ლევან ელისაბარიძე.

"ჩანს თუ როგორ არის კუსტარულად მოწყობილი ის გამაგრებითი მოწყობილობა, რომელიც იკავებს ამწე მოწყობილობას, რის შემდეგადაც მივიღეთ ფატალური შედეგი,"- განაცხადა "კურიერთან" საუბრის დროს პროფკავშირების უსაფრთხოების ინსპექტორმა ლევან გურგენიძემ.

უბედური შემთხვევა ბათუმში, დღეს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი 26 მაისის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსის გარე ფასადს ღებავდა, როდესაც გარე ლიფტის ფოლადის ბაგირი ჩამოწყდა და მეათე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. 23 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. პოლიციამ უკვე გამოკითხა მშენებარე კომპანიის ხელმძღვანელი.

დღის ამბები