20 ნოემბერი 2019,   14:02
ვრცლად
დამატებითი საფრთხე საქართველოს ეკონომიკისათვის - ოპოზიცია ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირებაზე

ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების შემცირებას აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, აღნიშნული დამოკიდებულება საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკურ პოლიტიკას საბოლოოდ გაანადგურებს. განსხვავებულად ფიქრობს უმრავლესობა.

ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში გასულ თვესთან შედარებით რეზერვები 215  მილიონი დოლარით შეამცირა. ამჟამად ქვეყანას $3.38 მილიარდი დოლარის რეზერვი გააჩნია - რაც 2018 წლის დეკემბრის შემდეგ მინიმალური ნიშნულია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად რეზერვების ხარჯვა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკას და ფასების ზრდასა და უმუშევრობას გამოიწვევს:

"ეროვნულ ბანკს ახლა სხვა გზა არ აქვს, რომ ჩვენს მიერ დატოვებული რეზერვები ხარჯონ და ასხან იმაში, რომ რამენაირად მაინც შეაჩერონ ლარის გაუფასურება. ეს ყველაფერი ურტყამს საქართველოს ეკონომიკას დ ა აისახება ფასების ზრდაზე და უმუშევრობაზე," - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის თქმით, ეს პროცესი ლარის გაუფასურებას ვერ შეაჩერებს:

"არ არსებობს მონაცემები, რომელიც გვეუბნება, რომ ეს პროცესი აჩერებს ლარის გაუფასურებას, ეს არის დროებითი მოვლენა, როდესაც კანალიზაცია რომ დააწყდება და ხელით შეეცადოთ რაღაცის გაჩერებას. ამის გაჩერება არის ეკონომიკის ზრდა და არა რეზერვების ხარჯვა," - აღნიშნა სერგო რატიანმა.

რეზერვების ხარჯვას დადებით ფაქტორად არ მიიჩნევს არც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. თუმცა, როგორც რომან კაკულია აცხადებს, რეზერვების შემცირება იმ დონეზე არ მომხდარა, რომ ეს რისკად ჩაითვალოს:

"რეზერვების შემცირება იმ დონეზე არ მომხდარა რომ რისკ-ფაქტორად განვიხილოთ, ეს ცუდი ფაქტორია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შევსებაც მოხდება და ამ წუთას ის რისკები რისი დაბალანსებაც ხდება, თანაწონადი არ არის იმ საფრთხეებისა, რომელზეც საუბრობენ,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

დღის ამბები