19 აპრილი 2024,   22:23
ვრცლად
წმინდა ბნელეთია - ლაშა ბაქრაძე ფილმის პრემიერის ჩაშლის მუქარებზე

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე, რელიგიის და ეროვნულობის სახელით ფილმის წინააღმდეგ გალაშქრებას "წმინდა ბნელეთს" უწოდებს. განცხადება ბაქრაძემ დღეს ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლასთან დაკავშირებით არსებულ მუქარებზე საუბრისას გააკეთა:

"წმინდა ბნელეთია, როდესაც ვიღაცა ეკლესიას მიტმასნილი მღვდელი შეიძლება ამბობდეს, რომ ფილმის ნახვით ან წიგნის წაკითხვით ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ეს რაღაცა, მათთვის საშინელება. ეს არის რასაკვირველია გაუნათლებლობაცუკულტურობაც და ის, რომ ვიღაც ვასაძის მსგავსი ადამიანი, იმდენად თავხედია, რომ თვლის, სხვას უნდა უთხრას რა უნდა ნახოს და რა არა,"- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმის შინაარსი, რომლის ჩვენებაც ჯერ არ შემდგარა გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს.

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც".

საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.

შესაძლო ძალადობის ფაქტს, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და საზოგადოებას კანონის დაცვა შეახსენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. სამინისტრომ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები