25 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
როგორ მოხდება აქციის მონაწილეების მაყურებლებისგან ინდენტიფიცირება- საპატრულო პოლიციის უფროსს პასუხი არ აქვს 

თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებია მობილიზებული. "და ჩვენ ვიცეკვეთ" - ფილმის ხმაურიანი პრემიერისა და მოსალოდნელი აქციების შესახებ განცხადება, ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

სირაძის თქმით, თუ საჭირო გახდება მოხდება სპეციალური კორდონების მოწყობაც. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ მოხდება აქციის მონაწილეების მაყურებლებისგან ინდენტიფიცირება, კინოთეატრების შენობებში სირაძეს პასუხი არ აქვს. 

"როგორც მოგეხსენებათ გაკეთებულია განცხადებები, რომ შეიძლება მოხდეს ფილმის ჩვენების ჩაშლის მცდელობა, შესაბამისად არა მარტო ამ თეატრში, არამედ ყველგან ჩვენ მობილიზებული გვყავს პოლიციის დანაყოფები,"- ამბობს ჟურნალისტებთან საუბრის დროს საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმის შინაარსი, რომლის ჩვენებაც ჯერ არ შემდგარა გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც".

საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.

შექმნილი ვითარების ფონზე, შესაძლო ძალადობის ფაქტს სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და საზოგადოებას კანონის დაცვა შეახსენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. სამინისტრომ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები