18 ნოემბერი 2019,   18:53
ვრცლად
რომან გოცირიძეს პარლამენტში ხინკლის მიტანას უმრავლესობა წაგებად უთვლის

რომან გოცირიძემ ხინკალი, რომლითაც შალვა თადუმაძის კურსელებს უნდა გამასპინძლებოდა, პარლამენტში მიიტანა.

დეპუტატმა გენერალური პროკურორის კურსელებს გამოხმაურებისკენ ერთი თვის წინ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ყველას რესტორანში დაპატიჟებდა. თადუმაძის თანაკურსელები აქტუალური მაშინ გენერალური პროკურორის დიპლომის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო გახდნენ. რომან გოცირიძის თქმით, იმის გამო, რომ არავინ გამოეხმაურა, დაპირებული ხინკალი პირდაპირ პარლამენტში მიიტანა.

დეპუტატებთან საგანგებო გზავნილით მივიდა პარლამენტში ანა დოლიძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ფლაერები წარწერით - "ჩააგდე სია" მიმდინარე სხდომაზევე დაარიგა.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა უზენაესი მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს მოუსმინეს. შეკითხვებს დღეს გოჩა ჯეირანაშვილი პასუხობდა. მოსამართლეს დღეს დამოუკიდებელემა დეპუტატებმა დარბაზშივე უთხრეს, რომ არც მას და არც დანარჩენ 19 კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.

დამოუკიდებელი დეპუტატები განცხადებებით არ შემოიფარგლებიან და კენჭისყრის დღისთვის საპროტესტო აქციას გეგმავენ.

პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეკა ბესელია კონსულტაციებზე იწვევს. გეგმა საპროტესტო აქციაა, რომ დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეკრებილ დეპუტატებს საზოგადოებამ საკუთარი ხმა გააგონოს.

როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, მოსამართლეობის კანდიდატებთან ღია გასაუბრებამ უფრო კარგად აჩვენა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები, მათ შორის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

20 კანდიდატიდან, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში ბოლო 2 თვის განმავლობაში მოუსმინეს, ოპოზიცია ნდობას არცერთს არ გამოუცხადებს.

2 თვიანი პროცესით კმაყოფილია საპარლამენტო უმრავლესობა. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, მართლმსაჯულების ისტორიაში მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა და საზოგადოებამ მოსამართლეების მოსმენებს პირდაპირ ეთერში პირველად ადევნა თვალყური.

20-დან საბოლოოდ რამდენ მოსამართლეს განამწესებენ უვადოდ, ჯერჯერობით უცნობია. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში დეკემბრის ბოლო კვირას გაიმართება.

დღის ამბები