18 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
ალბათ ყველას გამოუშვებენ, რაღაცები აუფეთქებიათ... - გურამ ფალავანდიშვილი აქციისას დაკავებულებზე

გუშინ, კინოთეატრ "ამირანთან" გამართული ძალადობრივი აქციის დროს პოლიციელების მიერ დაკავებულებს შორის იყო პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პოლიციის სამმართველოსთან მას აქციის სხვა ორგანიზატორები და მონაწილეები ელოდებოდნენ. მათი თქმით, დაიწყება თანხის შეგროვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ადმინისტრაციული სასჯელი უნდა დაეკისროს.

"ივანიშვილი გახარია, გომელაურის ტყვეები არიან. 29 კაცი ზის როგორც ვიცი, ალბათ არაფერი არ მოხდება და ყველას გამოუშვებენ, თუმცა იქ რაღაცები აუფეთქებიათ, მე არ ვიცი და შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღძრან გამორიცხული არაა. როცა არეულობაა ეგეთი რაღაცები მოხდება, შეიძლება პროვოკატორიც იყო,"- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის "დაიცავი ზნეობა" დამფუძნებელმა გურამ ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები