25 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
რა ხდებოდა გუშინ თბილისის ცენტრში - "კურიერის" რეპორტაჟი ხმაურიანი პრემიერისა და მასშტაბური ძალადობრივი აქციის შესახებ 

"და ჩვენ ვიცეკვეთ" - პრემიერა და მასშტაბური ძალადობრივი აქციის ქრონიკა "კურიერში":

ფილმის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, გუშინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება, მაშინ დაიწყო, როცა აქციაზე მისულმა ადამიანებმა კინოთეატრში შეჭრა სცადეს. იყო შემთხვევები, როდესაც აქციის მონაწილეები ძალადობრივ ქმედებაზე გადავიდნენ, რის გამოც კინოთეატრს ამირანთან პოლიციის დამატებითი დანაყოფებისა და სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო. სიტუაცია უშუალოდ კინოჩვენების დაწყების წინ დაიძაბა.

კინოთეატრნ "ამირანთან" მიმდინარე არეულობის გამო მაყურებელთა ერთმა ნაწილმა ფილმზე შესვლა ვერ მოახერხა. დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად კინოთეატრ "ამირანში" ფილმის ჩვენება სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზების ფონზე, ჩანიშნულ დროს დაიწყო.

ვითარება არა ნაკლებ რთული იყო კინოთეატრების შიდა სივრცეშიც, სადაც ფილმის სანახავად მისულებმა შესვლა პოლიციის კორდონების გავლით მოახერხეს. უკვე შენობაში შესულებს, სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მათ სპეციალური დეტექტორების გამოყენებით, მკაცრად ამოწმებდნენ და ამის შემდეგ უშვებდნენ დარბაზში.

კინოთეატრში შეღწევის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა პროტესტი არ შეწყვიტეს. ფილმის პრემიერა დაპირისპირების, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პიროტექნიკის აფეთქებებისა და დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა კინოთეატრ ამირანში. კინოთეატრ "ამირანთან" დაპირისპირების დროს დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი.

დაპირისპირება მოჰყვა კინოთეატრ "ამირანთან" "რესპუბლიკური პარტიის" წევრის გამოჩენასაც. დავით ბერძენიშვილს აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცველებმა ბერძენიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული ყველა იმ კინოთეატრში, სადაც პრემიერა მიმდინარეობდა. ექსცესების გარეშე ჩაიარა ფილმის ჩვენებამ კინოთეატრ "კავეა სითი მოლში", კავეა "თბილისი მოლსა" და "კავეა ისთ ფოინთში".

რადიკალურმა ძალებმა, რომლებიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენება გააპროტესტეს, შეკრება დედაქალაქის 5 ლოკაციაზე დილიდან დიაწყეს. ფილმის პრემიერისთვის საგანგებო მზადება და ადამიანების მობილიზება ყველა მხრიდან მიმდინარეობდა.

რამდნიმე დღით ადრე, დაანონსებული აქციისთვის დილიდანვე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. ფილმის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორია სამართლადამცველებით გაივსო.

ფილმის ჩვენების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, კინოთეატრებში გამნაღმველები და კინოლოგებიც გამოჩნდნენ. 112-ში კინოთეატრებში საფრთხისა და ბომბების არსებობის შესახებ პერიოდულად რამდენიმე ზარი შევიდა.

ფილმის ჩვენება კინოთეატრებში დღესაც გაგრძელდება. რადიკალური ძალები, რომლებსაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლა არ გამოუვიდათ, საპროტესტო აქციას დღესაც აანონსებენ.

კინოთეატრ ამირანთან "ქართული მარშის" წევრებისა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერების აქცია ღამის 1 საათისთვის დასრულდა.

 

დღის ამბები