25 აპრილი 2024,   14:49
ვრცლად
ქართული საზოგადოება არის ბრძენი, თვითონ განსაზღვრავს რომელ კინოში წავიდეს - მამუკა ხაზარაძე ძალადობას ემიჯნება

"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენების გამოეხმაურა. მამუკა ხაზარაძე ძალადობას ემიჯნება და ამბობს, რომ ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, რომელი ფილმი ნახოს.  

"მე კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება  არის ბრძენი, რომ  თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს, თვითონ გამოიტანოს დასკვნა და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ის, რაც კანონით არის დაშვებული არ შეიძლება ვიღაცამ თავისი გადაწყვეტილებით, მუქარის ფონზე მიიღოს რაღაცა ქმედებები, რომ ვიღაცას შეუზღუდოს გადაადგილება, ყურება, მით უმეტეს, ცენზურის ელემენტები გაჩნდა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ "ლელოს" ოფისში და ეს არის ჩვენი პოზიცია"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

დღის ამბები