"ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ლევან აკინის წინააღმდეგ შესაძლოა უახლოეს მომავალში პროკურატურაში საქმე აღიძრას.
ბრეგაძის თქმით, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორის წინააღმდეგ ჩივილს იმ არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები აპირებენ, ვისი შვილებიც ფილმში მონაწილეობენ. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მშობლებმა არ იცოდნენ თუ რა შინაარსის ფილმში იღებდა აკინი ბავშვებს.
"ეს ბავშვები გამოიყენა თავის გეი პროპაგანდისტული ფილმისთვის. მშობლები მზად არიან პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი, რის გამოც შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა დაეკისროს ლევან აკინს,"-ამბობს ბრეგაძე.
რაც შეეხება აქციის დროს მომხდარ ინციდენტებს ბრეგაძე ამბობს, რომ ევროპულ ქვეყნებში მსგავსი სახის გამოსვლები ჩვეულებრივ მოვლენაა.
"იქ არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაც ევროპულ ქვეყნებში არ მომხდარა ახალ წელს გამოვდიოდი სახლიდან და მეზობლის ბავშვმა ფეხებში შემომიგდო პიროტექნიკა,"- ამბობს ბრეგაძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა
ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"
ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი, მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.
დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.