20 ნოემბერი 2019,   14:10
ვრცლად
შემრყვნელი აქტის მშვიდობიანად ჩატარება ქართველ ერში შეუძლებელია - ლევან ვასაძე ძალადობრივ აქციას გამარჯვებად აფასებს

ვერის პარკში ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოჩვენების ჩასაშლელად ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ვერის პარკში შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

ვასაძის განცხადებით, მან და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ მთელს მსოფლიოს აჩვენეს, რომ ამ ფილმის პრემიერის მშვიდად ჩატარება ქართველ ერში შეუძლებელია.

"ჩვენ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ და ასევე მთელმა მსოფლიომ დაინახა ამ სამარცხვინო ფილმის, ამ ჩვენი უღრმესი ტრადიციის შემყრყვნელი და შეურაწყმყოფელი აქტის მშვიდობიანად ჩატარება ქართველ ერში შეუძლებელი არის. მთელი საქართველო უყურებდა თუ როგორ ერთიანად და მედგრად აპროტესტებდა უამრავი ხალხი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში და წერტილებში იმ უმზგავსობას რასაც ადგილი ჰქონდა,"- განაცხადა ლევან ვასაძემ.

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები , ცოტა ხანში, ვერის პარკიდან თბილისის სხვადასხვა კინოთეატრებისკენ დაიძვრებიან და ფილმის საყურებლად მისულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ მათ პროტესტს ისინიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

დღის ამბები