20 ნოემბერი 2019,   14:13
ვრცლად
პროტესტი ლოცვითა და ქადაგებით - "თბილისი გალერიასთან" სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან

"თბილისი გალერიასთან", სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან. როგორც დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, აქცია მშვიდობიანი იქნება და ფილმს - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ლოცვითა და ქადაგებით შეეწინააღმდეგებიან.

"გეგმები არის ისევ ისეთი, მშვიდობიანი ჩვენი აქცია. ჩვენი პროტესტის მეორე დღეა. რაც შეეხება ამ ფილმს, რომელიც დაანონსდა და რომელიც მამათმავლობის შემცველი შინაარსის ფილმია, მორწმუნე ხალხი და სხვებიც აპროტესტებენ ამ ფილმის გაშვებას. ჩვენ დღესაც პარაკლისს ვიხდით, მშვიდობიანად, ამ უზნეობას შევეწინააღმდეგებით ლოცვით, ქადაგებით, მხილებით, მშვიდობიანად, ჩვენს პროტესტს ასე გამოვხატავთ, წყნარად, როგორც შეეფერება ეკლესიის მღვდელმსახურს და ქრისტიან ადამიანს,"- ამბობს ვახტანგ დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში არსებულ კინოთეატრებში უკვე მორე დღეა ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება იმართება, რასაც ჰომოფობიური ძალების მიერ ძალადობრივი აქცია და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. 

პრევენციის მიზნით, კინოთეატრებში კინოლოგები და გამნაღმველები დღესაც იმყოფებოდნენ. კინოთეატრებში მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შსს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, პოლიცია მიიღებს შესაბამის კანონიერ ზომებს.

დღის ამბები