12 ნოემბერი 2019,   19:33
ვრცლად
ვინ დგას ჰომოფობიური ძალების უკან - ძალადობრივი აქცია პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა

არასამთავრობო სექტორი ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, გუშინდელ დღეს არაფერი ჰქონდა საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან და რაც კინოთეატრებთან ხდებოდა - ძალადობის გამოვლინება იყო.

"მოვლენები საბოლოოდ იმით დასრულდება, რომ გაურკვეველი ჯგუფები საქართველოს სახელმწიფოს თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქცევენ,"- ამბობს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.

ჩანს სამართლებრივი შემწყნარებლობა ხელისუფლების მხრიდან - "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელი  ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" წევრების დაკავებას ითხოვს.

"ამ ჯგუფების მიმართ ჩანს სამართლებრივი შემწყნარებლობა ხელისუფლების მხრიდან. სხვა ინციდენტების დროს, სხვა შეკრებების დროს ისინი აშკარად ძალადობის ორგანიზებას ახდენენ, მაგრამ მათ ლიდერებს სამართლებრივი პასუხიმგებლობა არ დაკისრებიათ. ჩვენი მოთხოვნაა ლევან ვასაძის და "ქართული მარშის" ლიდერების დაკავება და მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და თუ ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ მიიღებს ჩვენ მუდამ გვექნება მსგავსი ხელოვნური სოციალური კონფლიქტები,"- თამთა ამბობს მიქელაძე.

დავით ბერძენიშვილი ერთ-ერთია ვისაც გუშინ კინოთეატრ "ამირანთან" სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მისი ადგილიდან გაყვანა სამართალდამცველების დახმარებით გახდა შეასაძლებელი. "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი დღეს ბრალდებას ხელისუფლებას უყენებს.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საპარლამენტო ოპოზიციაშიც მიუთითებენ, სადაც მათ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვა ვერ შეძლეს და პრო-რუსული ძალების მხრიდან მუქარის შემცველი გზავნილებზე სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ. პარლამენტარები ფიქრობენ, რომ სწორედ ხელისუფლებამ დაუშვა კინოთეატრ "ამირანთან" მოვლენების ამგვარი განვითარება.

აბსურდულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ხელისუფლებაში ბრალდებებს. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა დაცული იყო და პოლიციამ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა.

საქართველოს კინოთეატრებთან შეკრებილი ძალები, ლევან აკინის ფილმის ჩვენების ყველა საპრეზენტაციო დღეს იმავე ზომების მიღებას გეგმავენ. სწორედ ამიტომ მოუწოდებს ხელისუფლებას მესამე სექტორი, რომ ამ დაჯგუფებების მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკა შეწყვიტონ და შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიიღონ.

დღის ამბები