20 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
"მავთულხლართთან ადამიანის მუდმივ ბრძოლაში ადამიანმა გაიმარჯვა"- 30 წელი ბერლინის კედელის დანგრევიდან და პარალელები საქართველოსთან

"ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი" - ბრანდერბურგის ჭიშკართან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ამ მოწოდებიდან 2 წლის შემდეგ, 1989 წელს ბერლინის კედელი მართლაც დაინგრა. საბჭოთა ბოროტების სიმბოლო, რომელიც გერმანიაში იყო აღმართული. დღეს ბერლინის კედლის დაცემიდან ზუსტად 30 წელი გავიდა. საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, ნაგებობა 1961 წელს აშენდა და მისი საერთო სიგრძე 155 კილომეტრი იყო, სიმაღლე კი 4 მეტრამდე.

1989 წლის 9 ნოემბრის ამ ისტორიულ მოვლენას ცივი ომის დასასრული, საბჭოთა კავშირის დაშლა და მსოფლიო გეოპოლიტიკური რეალობის რადიკალური შეცვლა მოჰყვა. მანამდე იყო 1945 წლის იალტის შეთანხმება, რომლის შედეგად დამარცხებული გერმანია ოთხ საოკუპაციო ზონად დაიყო, კედელი კი მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა 1961 წელს ააშენა, რათა აღმოსავლეთ ბერლინელებისთვის გადაადგილების უფლება შეეზღუდათ. ასე დაიწყო თითქმის ოცდაათწლიანი გერმანული ტრაგედია. თუმცა, "რკინის ფარდის" სიმბოლო საბოლოოდ მაინც დაინგრა.

"9 ნოემბერი უდიდესი მოვლენა იყო, ალბათ უბედნიერესი დღე გერმანიის ისტორიაში. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გერმანული მოვლენა და ამიტომ არ არის გერმანული ეროვნული დღესასწაული. არამედ ეს იყო ევროპის მასშტაბის მოვლენა. რაც მაშინ, 1989 წლის შემოდგომას მოხდა, იყო მშვიდობიანი რევოლუცია ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში, რომელშიც ბევრი ერი იყო ჩართული, მათ შორის საქართველოც, როგორც ერთ-ერთი პირველი. ხალხმა დაძლია კომუნისტური რეჟიმის სისასტიკე," - აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

გერმანელი დიპლომატი "კურიერთან" საუბრისას ისტორიული მოვლენის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ დროს პოლონეთში მუშაობდა და სამშობლოში მიმდინარე პროცესებს სხვა ქვეყნიდან აკვირდებოდა. ელჩი ჰუბერტ ქნირში ბერლინის კედელსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გავლებულ მავთულხლართებს შორის მსგავსებაც ხედავს.

"როდესაც ჩვენ, გერმანელები, იმ ბარიერებთან ვდგავართ, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ ხაზთან არის განთავსებული, გვეუფლება გრძნობა, რომ აქ ვხედავთ ისეთ რამეს, რაც ჩვენ გერმანიაში საბედნიეროდ ბოლოს 30 წლის წინ ვნახეთ. თუმცა, ამ ორ სიტუაციას შორის ბევრი განსხვავებაც არის. 1989 წლის 9 ნოემბრის მოვლენა ძალიან მოულოდნელი იყო და პოლონელებს გაუჩნდათ კითხვა: რა მოხდება ახლა? გაერთიანდება გერმანია? გვეყოლება ძლიერი, საშიში მეზობელი დასავლეთით? ჟურნალისტმა ადამ მიხნიკმა მაშინ დაწერა: "ჩვენ არ ვიცით რა იქნება ამ კედლის დაცემის პოლიტიკური შედეგები, მაგრამ ვიცით: მავთულხლართთან ადამიანის მუდმივ ბრძოლაში ადამიანმა გაიმარჯვა, ხოლო მავთულხლართი დამარცხდა - "ამას ვუსურვებ მე საქართველოს."

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ბერლინის კედლის დანგრევას ისტორიულ კონტექსტში განიხილავს, წლების წინანდელ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ დიდი საპროტესტო აქციების ტალღა იყო. ადამიანები მოსკოვისგან დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას მოითხოვდნენ. დემონსტრაციები აღმოსავლეთ გერმანიასაც მოედო.

ედუარდ შევარდნაძე, გაერთიანების არქიტექტორი - ასე შეაფასა deutsche welle-მ ბერლინის კედლის დანგრევაში ქართველი პოლიტიკოსის როლი. ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე აქცენტს დღესაც ბევრი აკეთებს.

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, ედუარდ შევარდნაძემ თავისი როლი ირონიულად გაზარდა, როდესაც განაცხადა, რომ ერთმა ქართველმა გაყო გერმანია და მეორემ გააერთიანა:

"ერთმა ქართველმა გაყო გერმანია და მეორემ გააერთიანა, ეს არის თავად ედუარდ შევარდნაძის ციტატა. მან თავად ირონიულად გაზარდა თავისი როლი, და რა თქმა უნდა ცხადია, რომ ეს არ იყო ორ პიროვნებაზე კონცენტრირებული. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი იყო ის ადამიანი, რომელიც ფედერალურ კანცლერ კოლთან ერთად ამ პროცესებს უძღვებოდა და ჰანს-დიტრიხ გენშერი ბედნიერი იყო და ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ საბჭოთა კავშირის მხარეს მისი პარტნიორი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელმაც როგორც ადამიანმა თავისი ისტორიული ცნობიერებით საუკეთესო რამ გააკეთა, რის გაკეთებაც იმ სიტუაციაში შეიძლებოდა,"- აცხადებს ელჩი.

გერმანელი პოლიტოლოგი სებასტიან როზნერი, რომელიც უკვე წლებია აღმოსავლეთ ბერლინის თემატიკაზე მუშაობს, "კურიერთან" დღეს ბერლინისთვის არსებულ გამოწვევებზე ლაპარაკობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბერლინის კედელი ფიზიკურად აღარ არსებობს, საბჭოთა რეჟიმის კვალი მენტალიტეტში მაინც შემორჩენილია.

"ამდენი წელი გავიდა, მაგრამ აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს შორის პოლიტიკური კულტურის აშკარა სხვაობაა, იქ უფრო მეტად ულტრამემარჯვენე პარტიები და რადიკალური ძალები არიან პოპულარულები. ადამიანების ნაწილს გონებაში აქვს ისევ კედელი. უფრო ხანგრძლივი დროა საჭიროა, ამ მენტალიტეტის შეცვლას თაობების შეცვლა სჭირდება," - ამბობს ორგანიზაცია ”Deutsche Gesellschaft”-ის ევროპის დეპარტამენტის უფროსი სებასტიან როზნერი.

ბერლინის კედელი დაეცა, დაანგრიეს. ისტორიას მხოლოდ მისი მცირე ნაწილი 1კმ და 300 მ შემოუნახეს, რომელიც ახლა ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. თუმცა, ისტორიას შემორჩა მძიმე კადრები, თუ როგორ დაასრულეს ადამიანებმა სიცოცხლე სწორედ ამ კედელთან თავისუფლების ძიებაში, იმ თავისუფლების, რომელიც მათ საბჭოთა რეჟიმმა ბეტონის კონსტრუქციით შემოუსაზღვრა და ბევრი წლის განმავლობაში წაართვა.

 

 

დღის ამბები