19 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
საქართველოს შეუძლია გახდეს რეგიონის ჰაბი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოზე 

საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და გამოწვევები, რომლის წინაშეც რეგიონის ქვეყნები დგანან - რა გახდა საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების მიზეზი.

საერთაშოროსო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იუჰა კაჰკონენი, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკის უპირატესობებზეც საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოს სავაჭრო რეჟიმი, საკმაოდ ლიბერალურია და ქვეყანაში კარგი ბიზნესკლიმატია, რასაც "დუინგ ბიზნესის" რეიტინგებიც ადასტურებს.

როგორც იუჰა კაჰკონენი აღნიშნავს, საქართველოს აქვს უპირატესობები, რითიც შეუძლია გახდეს რეგიონის ჰაბი ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით.

"წლევანდელი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 პროცენტია - ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის პროგნოზი შედარებით უცვლელია, რადგან ბევრ ქვეყანაში ეროვნულმა ბანკებმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება შეძლეს.

რაც შეეხება საქართველოს, წელს ჩვენი პროგნოზი 4,6-ია. მომავალი წლისთვის კი 4.3. ეს გლობალურად სავაჭრო დაძაბულობისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ანარეკლია, რადგან საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, ამ ფაქტორებს გარკვეული გავლენა ექნებათ.

ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ექნება მოკლევადიანი ეფექტი ეკონომიკურ აქტივობაზე, მაგრამ მთლიანობაში რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდა აუცილებელია ინფლაციური ზეწოლის გამო.

მიმდინარე ინფლაცია მოსალოდნელზე შედარებით მაღალია. წლის ბოლოსთვის დაახლოებით 7 % ფარგლებში იქნება. ეს არ არის საგანგაშო, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის მიზანი 3 პროცენტიანი ინფლაციაა, აშკარაა, ამ მიმართულებით ნაბიჯებია გადასადგმელი.

ჩვენი შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ლარის გაუფასურების ფონზე ინფლაციური ზეწოლის შესამცირებლად რეფინანასირების საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. დარწმუნებული ვარ, ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება," - განაცხადა იუჰა კაჰკონენმა.

დღის ამბები