19 აპრილი 2024,   03:45
ვრცლად
პოლიციის კორდონის გარღვევა, დარბაზში შეჭრა და ფილმის გამორთვა - ეს არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში

დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით, გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივი და დაისაჯონ დამნაშავეები - არასამთავრობო სექტორი კინოთეატრებთან მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლებას მკაცრ რეაგირებას სთხოვს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება დაინტერესდეს, ვინ დგას ამ ჯგუფების უკან. როგორც ბენიძე აღნიშნავს, იციან კონკრეტული სახელები და გვარები, ისინი აგრესიული მოწოდებებით გამოდიან და ამას არ მალავენ. უსაფრთხოების სამსახური  ამ ჯგუფების დაფინანსებით უნდა დაინტერესდეს - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ამ ჯგუფებს აქვთ პერიოდულად მცდელობა, ალტერნატიული წესრიგი დაუდგინონ საზოგადოებას და ისეთი წესები შესთავაზონ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული - პოლიციის კორდონის გარღვევა, დარბაზში შეჭრა და ფილმის გამორთვა, რაც სალაძის თქმით, არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში.

იურისტი გურამ იმნაძე აღნიშნავს, რომ პოლიცია არაქმედითია და ამავე დროს გრძელდება მანამდე არსებული ძირითადი ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მსგავსი ძალადობრივი ჯგუფების მიმართ არ გამოიყენებოდა ადეკვატური სამართლებლივი მექანიზმები.

დღის ამბები