18 აპრილი 2024,   07:28
ვრცლად
ბიუჯეტიდან მოკლებული 100 000 ლარი და ინფრასტრუქტურის გარეშე დარჩენილი საპორტო ქალაქი

ჯერჯერობით უცნობია დაინტერესდება თუ არა გამოძიება კიდევ ერთი პრობლემით, რომელიც ისევ ფოთს და გზების რეაბილიტაციას უკავშირდება. ოპოზიცია ირწმუნება, რომ საკრებულომ გზების კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი 100 ათასი ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურის ბიუჯეტს ადმინისტრაციული ხარჯების გასაზრდელად მოაკლო.

საპორტო ქალაქში გზები ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ადგილობრივების თქმით, წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირება ხელისუფლებას ამ დრომდე არ შეუსრულებია. გაურკვეველი მიზეზების გამო გაჩერდა დაწყებული პროექტიც, მაგრამ მერიამ ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.

ფოთის ერთ-ერთ ცენტრალურ, თავდადებულის ქუჩაზე გზის საფარი წლებია ცუდად გამოიყურება. საპორტო ქალაქში პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები. თითქმის ნახევარ მილიონიან ქალაქში მოსახლეობა წვიმის დროს სახლიდან გამოსვლასაც ერიდება. ადგილობრივები დანგრეული გზების მოწესრიგებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.

ანალოგიური სიტუაციაა ქალაქის სხვა ქუჩებზეც. მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან გზის პრობლემის მოგვარების პირობა ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ მიიღო. გაცემული დაპირების მიუხედავად, ამ დროის განმავლობაში გზის საფარი ქალაქის თითქმის არცერთ ქუჩაზე არ დაგებულა. 

ფოთის საკრებულომ მერიის მოთხოვნით ქალაქის ბიუჯეტიდან გზების მოსაწესრიგებლად გამოყოფილ თანხას 100 000 ლარი მოაკლო. როგორც უმცირესობაში განმარტავენ, გზის საფარის დასაგებად გათვალისწინებული თანხები, ადგილობრივმა მთავრობამ ქალაქის მერიის სამსახურებისთვის, ადმინისტრაციული ხარჯების გასაზრდელად გადაიტანა.

ფოთის მერია პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებს, რომელიც უკვე 6 წელია ქალაქში წყლის სისტემის მოწესრიგებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე ვერ აგვარებს. შეუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად მერიამ კომპანიას კონტრაქტი არ შეუწყვიტა.

თავისი არგუმენტები აქვთ "ტაჰალ" ჯგუფში, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქში სპეციფიკური ნიადაგია, რაც სამუშაოების შესრულებას ხელს უშლის.

წლების განმავლობაში პრობლემებით შეწუხებული ფოთის მოსახლეობა მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას ითხოვს.

სოფო სვანიძე

დღის ამბები