19 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება ახალისებს აგრესიას - მესამე სექტორი

მხატვრული ფილმის წინააღმდეგ რადიკალური ჯგუფების პროტესტი რომ გამოხატვის თავისუფლებას გასცდა, მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამის ახსნა დღესაც მოუწიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აგრესიული ქმედებების გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ აქციის მონაწილეებს, არამედ ორგანიზატორებსაც უნდა დაეკისროთ. შესაბამისად, მათი დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ. სამართალდამცველებს კი მოუწოდებენ, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყოს.

8 ნოემბერს, კინოთეატრებთან განვითარებული მოვლენები სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" წარმომადგენლებმა ვრცელ განცხადებაში შეაფასეს. დოკუმენტს 10-ზე მეტი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ისინი სამართალდამცავების დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პოლიციამ ძალადობის პრევენცია ვერ შეძლო. ბოლო პერიოდში ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების გააქტიურებას კი მათდამი ხელისუფლების ლოიალურ პოლიტიკას უკავშირებენ.

ლგბტ+ თემატიკაზე გადაღებული ფილმის ხმაურიან პრემიერამდე რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება აუცილებელი იყო, ამაში სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია. რადიკალური ჯგუფების ლიდერების საჯარო მუქარა და მოწოდებები ფილმის ჩაშლისკენ, მათი შეფასებით, გამოძიების დაწყების საფუძველს იძლეოდა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მესამე სექტორი ჰომოფობიურ ჯგუფებს საშიშად განიხილავს, მათი შესაძლო რუსული კავშირები და დაფინანსებააა. სწორედ ამიტომ არასამთავრობოები ხელისუფლებას შესაბამისი პოლიტიკის გატარებას ურჩევენ.

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ხმაურიანი პრემიერის პირველი დღე თბილისსა და ბათუმში 27 ადამიანის დაკავებით დასრულდა. დაპირისპირების დროს დაშავდა 13 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკვლევა ასევე დაწყებულია კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, აქტივისტ ანა სუბელიანისა და პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე. სუბელიანის საქმეზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის წაუყენეს.

მოუწევთ თუ არა ჩვენების ჩასაშლელად ორგანიზებული აქციის ლიდერებს საგამოძიებო უწყების კითხვებზე პასუხების გაცემა ამ ეტაპზე უცნობია.

დღის ამბები