14 დეკემბერი 2019,   05:51
ვრცლად
ჰუმანიტარული კატასტროფის ხელოვნურად შექმნილი საფრთხე და ახლოდან დანახული ოკუპაცია - ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან

დურბინდით დანახული რუსული ოკუპაცია - ამერიკელი კონგრესმენები გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს მცოცავი ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება და სოფელი, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზას გადაჰყურებს.

ოკუპაცია საკუთარი თვალით და ახლო ხედით ნახა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა, რომელიც ყოფილი სამხედროა და აგრესორის ტაქტიკასაც კარგად იცნობს. რუსული ბაზა ოძისის ქართული საგუშაგოდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა, როგორც ადამ კინზინგერი ამბობს, ეს დროებითი მოვლენაა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გაძლიერებისთვის უპრეცედენტო ნაბიჯებს დგამს.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება რომ აუცილებელია, ამაში კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან ყოფნის დროს კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ. ოძისის პოლიციის საგუშაგოსთან ამერიკელ სტუმრებს უთხრეს, რომ გზა რომელიც ახალგორისკენ მიდის ორ თვეზე მეტია ჩაკეტილია და საოკუპაციო რეჟიმი ადამიანებს ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეს ხელოვნურად უქმნის.

მცოცავ ოკუპაციას ყველაზე მძაფრად გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა გრძნობს.

რუსული ჩექმის კვალი სულ უფრო თვალშისაცემია. იქ, სადაც ადრე ადგილობრივების კუთვნილი ყანები იყო, ახლა ოკუპანტების სამხედრო ბაზაა. როგორც იურა ილურიძე ამბობს, მცოცავი აგრესიის მსხვერპლია და მასთან სტუმრობას ოკუპანტების გარდა ვერავინ ბედავს.

ამ განწყობას იზიარებენ საოკუპაციო ხაზის განაპირა სოფლის სხვა მცხოვრებლებიც. მათი თქმით, სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც ოკუპირებულ რეგიონთან მიმოსვლა შეწყდა და ნათესავებთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა.

ადამიანებს შორის ნდობის და კონტაქტის გაჩენა, კრემლის გეგმაში არ შედის. ამის მიუხედავად ოპტიმიზმს არ კარგავენ სოფელში, რომელსაც რუსული ბაზა ზემოდან გადაჰყურებს. მოსახლეობას პარტნიორების გააქტიურებული მხარდაჭერა აიმედებს.

სტუმრები საქართველოს ახლა არამხოლოდ განცხადებებით, კონკრეტული ქმედებებითაც უცხადებენ მხარდაჭერას. ოძისში დღეს ჩასული კონგრესმენები ზუსტად იმ დოკუმენტის თანაავტორები არიან, რომლის მიხედვითაც რუსული ოკუპაციის ყველა მხარდამჭერი ამერიკიდან გაძევებული იქნება და მათ ანგარიშებს დააყადაღებენ.

დღის ამბები