20 აპრილი 2024,   02:56
ვრცლად
მძიმე დანაშაულში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

თემურ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მიუხედავად იმისა, რომ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სასამართლო განაჩენი არ დამდგარა - მარნეულის ყოფილი მერი ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისევ აიღებს.

აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. 

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, აბაზოვის დასაქმება უკანონოა, მით უმეტეს, არ უნდა დანიშნულიყო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად.

მარნეულის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ახმედ იმამკულიევი აბაზოვს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებს. მისი თქმით, როდესაც პიროვნებაზე გამოძიება მიმდინარეობს, მაღალი თანამდებობის პირად არ უნდა ინიშნებოდეს, თუმცა იმამკულიევის განცხადებით, "ქართული ოცნების" სახე სწორედ ეს არის.

"თემურ აბაზოვმა იპოვა საკუთარი ადგილი, იმიტომ, რომ მას უყვარდა თავისი სხეულისთვის ფოტოების გადაღება და "facebook" - ით გავრცელება," - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი აღნიშნავს, ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია და ინიშნება თანამდებობაზე, არ არის სწორი, ისინი არ ითვალისწინებენ კანონს და არც სისხლის სამართალს - აღნიშნავს მუსტაფაევი.

თავად თემურ აბაზოვი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ უკანონო არაფერი მომხდარა. აბაზოვი ასევე უარყოფს ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას. მისი თქმით,  დაცვის სამსახურშიც კი არასდროს უმუშავია მასთან.

დღის ამბები