25 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
ვინ შეცვლის ირაკლი ლექვინაძეს -"კურიერის" ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენად გიორგი გახარიას კადრი განიხილება

"კურიერის" ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას გიორგი გახარიას კადრი, მიხეილ დაუშვილი, დაიკავებს. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები მოულოდნელად დატოვეს.

ყველგან, სადაც ბოლო წლებში პრემიერ-მინისტრი მუშაობდა, მიხეილ დაუშვილიც ფიგურირებდა. 28 წლის იურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტშიც სწორედ გიორგი გახარიამ მიიყვანა.

მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი თავად იყო ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი ეკონომიკურ საბჭოში მუშაობდა. ბოლოს კი ის გახარიას მინისტრობის დროს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. ოპოზიცია ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მის დანიშვნას კერძო სექტორისთვის გაგზავნილ კიდევ ერთ ნეგატიურ სიგნალს უწოდებს.

ლევან კობერიძე გიორგი გახარიას პოლიტიკურ სვლას უწუნებს და მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია.

მმართველი გუნდის ნაწილი ახალ კანდიდატურაზე საუბრისგან თავს იკავებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ლექვინაძის საქმიანობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ახალი ბიზნესომბუდსმენი მის პოლიტიკას გააგრძელებს.

რის შეცვლას აპირებს ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გიორგი გახარიას ფავორიტი, ჯერჯერობით უცნობია. მიხეილ დაუშვილი მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ცნობილია, რომ სახელისუფლებო გუნდში ირაკლი ლექვინაძეც რჩება. ის, სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

დღის ამბები