25 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
გენერალური პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს - ოთო კახიძე მაკო გომურისთვის სტატუსის მინიჭებაზე

მაკო გომურისთვის 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საკითხზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა.

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთო კახიძის შეფასებით, პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ გენერალური პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. 

"პროკურატურა რომ აქამდე არ აკეთებდა ამას მაკო გომურის შემთხვევაში და დღეს კიდევ არ აკეთებს გიორგი სულაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, რომ გენერალური პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. მათ "გავრილოვის ღამის" გადაბრალება, იმ საშინელების და ველურობის რაც დაატრიალეს, სურთ აქციის მონაწილეებზე,"- განაცხადა ოთო კახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება.

"მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე დაზარალებულ პირებს არ გამოუხატავთ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ რაიმე ფორმით შეეზღუდათ მათი უფლებებით რეალიზების შესაძლებლობა. მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რაც პროკურატურის მხრიდან განხორციელდა - მიენიჭათ კონკრეტულ პირებს დაზარალებული სტატუსი. ფაქტია, რომ არსებობს კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურა,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო.

ამავე თემაზე
დღის ამბები